Home » მსოფლიო » პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე უარი თქვას

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე უარი თქვას

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, ევროპული სოლიდარობა გამოიჩინოს და უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„გერმანიას მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ პროექტზე და ამით, ფაქტობრივად, შეწყვიტოს ევროპის ამ ნაწილის დესტაბილიზაცია, რადგან ეს პროექტი ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის უამრავი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს. ამიტომაც გერმანიას სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ის პროექტია, რომელიც ევროპის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს და ევროპის უსაფრთხოებას ამცირებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.

 

energynews.ge

Share