Home » ეკონომიკა » ,,პოლიტიკური პარტიების მხრიდან გვაკლია ეკონომიკური პროგრამები და ხედვა, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება“

,,პოლიტიკური პარტიების მხრიდან გვაკლია ეკონომიკური პროგრამები და ხედვა, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება“

საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებით, ბიზნესისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებით და ზოგადად პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი პროგრამებით, ბიზნესმენთა ნაწილი უკმაყოფილოა. მათ მოსაზრებას ამყარებს არგუმენტი, რომ  2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ  ვერ მოისმინეს ვერც ერთი საინტერესო ხედვა, რაც ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს წარმოაჩენს, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

გარდა მოწოდებისა, რომ ,,სისტემა უნდა დასრულდეს“,  ამომრჩეველს  პოლიტიკური პარტიები ვერ სთავაზობენ კონკრეტულ გეგმას, რითაც შეიძლება მათი ყურადღება მიიქციონ.

არჩევნების წინ მმართველი პარტიის დამოკიდებულება, რომ დაეხმაროს ბიზნესს, მიუღებელია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტ,  ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთვის, რომლის განცხადებითაც, საზოგადოება უნდა მოემზადოს არა პარტიების, არამედ სისტების არჩევისთვის, რა მხრივაც ყველაზე მეტად არის პრობლემა.

,,ბიზნესი სახელმწიფოს უნდა ეხმარებოდეს და არა პირიქით, დღეს სახელმწიფო გადართულია იმაზე, რომ ბზინესს გაუწიოს დახმარება, არასწორი გზით მივდივართ.  მუდმივად დახმარების პოზიციაში ყოფნით ვერც ბიზნესი მიიღებს სარგებელს და მით უმეტეს, ვერც ქვეყანა. უნდა ეცადონ, რომ ბიზნესი სახელმწიფოსგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს,  მაშინ არის ქვეყანა ძლიერი, მაგრამ ამას სჭირდება სამართლიანი ბიზნესგარემო, რომლის შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

მთავრობა ვალდებულია, საკანონმდებლო აქტებით უწყობდეს ხელს ბიზნესის განვითარებას და არა დახმარებებით, ძალიან მავნე პრაქტიკა დამკვიდრდა, საშინელი და მავნე იდეოლოგიაა. შედეგი მიიღწევა მხოლოდ სწორი რეგულაციებით,  სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, სამართლიანი სასამართლო სისტემით, კოალიციური მთავრობით და ინტელქტუალური განვითარებით. ,,დამეხმარეს“  როლში ყოფნა ბიზნესისთვის დამამცირებელია.  კერძო სექტორი უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ტექნოლოგიურ წინსვლას ემსახურებოდეს, რა მხრივაც დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა.  სანამ ამ შეგნებამდე არ მივალთ, არსებულ სიტუაციას არ ეშველება“, – აცხადებს თემურ ჭყონია ,,კომერსანტთან“ საუბარში.

ბიზნესმენი ღიად აცხადებს, რომ  პოლიტიკური პარტიების მხრიდან აკლია ეკონომიკური პროგრამები და ხედვა, რის გარეშეც ქვეყანა ვერ განვითარდება.

,,პიროვნებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ  ჩვენ გვჭირდება ინტელექტუალური კოალიციური მთავრობა. პარტიების ქიშპსა და დავიდარაბაში იკარგება ინტელექტუალური სიმდიდრე, რაც ქვეყანაშია, მაგრამ ამაზე არავინ ზრუნავს.  ვხედავთ, რომ ადამაინები იმარჯვებენ  პარტიული სიით და ქვეყნის სათავეში ხვდებიან ისინი, რომლებსაც არ აქვთ მართვის უნარი. წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამის საფუძველზეა არავინ ხვდება მთავრობაში.  ჩემი აზრით,  მთავარია კონკრეტული პროგრამები და გრძელვადიანი ხედვა, რაც ამ არჩევნებში არ ჩანს. საბოლოო ჯამში, არჩევანი პოპულისტურ კანდიდატებზე კეთდება, რაც ისევ და ისევ  საზოგადოების ბრალია, რით ირჩევენ,  ვერ გამირკვევია“, – აუთხრა ,,კომერსანტს“ თემურ ჭყონიამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს, ფარული მოსმენები და არჩევნების შედეგზე მათი შესაძლო  გავლენაა.

,,მოსმენა კატასტროფა და უწესობაა!  ერთია, რომ მიკვირს, მაგრამ ამათ იმის უნარიც  არ აქვთ, რომ ეს ჩანაწერები გასაიდუმლოვდეს. ასეთი ქცევით ამტკიცებენ, რომ საქართველოში თურმე არსებობს უსაფრთხოების ისეთი სისტემა, საიდანაც ნებისმიერ დროს შეიძლება გაჟონოს ინფორმაციამ და სენსაცია  გახდეს  მთელი მსოფლიოსთვის, ეს რა უსაფრთხოებაა!  გარკვეული კატეგორიის ადამიანებს უსმენენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტერორისტებს, მაგრამ ამ ინფორმაციაზე არავის მიუწვდება ხელი.

საქართველოში ვისაც და რასაც მოუსმინეს, ბოლოს მთელმა ქვეყანამ გაიგო. რაც შეეხება ამ ფაქტორის გავლენას ინვესტიციებზე, ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია.  პირველ რიგში იმიტომ, რომ ინვესტორი არ არის ემოციური ადამიანი, ბევრ ფაქტორს აფასებს და მისთვის სამართლიანი ბიზნესგარემო ყველაზე მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება გავლენას არჩევნების შედეგზე, კოალიციური მთავრობის შექმნის ნიშნები თუ არ გამოჩნდა, არათუ არ აისახება, შეიძლება ისეთი ნეგატიური შედეგიც მივიღოთ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით!  ამისთვის კი მნიშვნელოვანია, საზოგადოება მოემზადოს არა პარტიების, არამედ სისტების არჩევისთვის, ამაზე გაკეთდეს სწორება“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 10 დღეში, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. თუმცა ძირითადი პოლიტიკურ პარტიებსა და მათი მერობის კანდიდატებს, ფართო ეკონომიკური განვითარების პროგრამა არ წარმოუდგენიათ.

გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს თბილისის მოქმედი მერის და ,,ქართული ოცნების” კანდიდატის კახი კალაძის მიერ დასახელებული საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, რაც მეტწილად მიმდინარე პოლიტიკის გაგრძელებაა.

commersant.ge

Share