Home » ეკონომიკა » პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო, შესაძლოა, პენსიების დარიგებით არცერთი ბანკი დაინტერესდეს

პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო, შესაძლოა, პენსიების დარიგებით არცერთი ბანკი დაინტერესდეს

საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში საპენსიო და სხვა სოციალური მომსახურების უზრუნველსაყოფად, ახალ სატენდერო პირობებს წარმოადგენს. აღნიშნული ტენდერის საფუძველზე უნდა გამოვლინდეს მომსახურე ბანკი და პენსიის დარიგების სხვა პირობები.

საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი არჩევნების წინ უამრავი ბრალდება ისმოდა. ძირითადად, პოლიტიკოსები ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობდნენ და, როგორც წესი, პოპულიზმსაც არ ერიდებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკოსების ძირითადი სამიზნე, საპენსიო მომსახურების მოქმედი ბანკი „ლიბერთი“ იყო. ეს ბუნებრივიც არის, როდესაც პოლიტიკოსს ელექტორატის გულის მოგება სჭირდება, აუცილებელია „განტევების ვაცის“ პოვნა, ვისაც პრობლემას გადააბრალებ და შემდეგ, გულზე მჯიღის ცემით დაიწყებ მის გალანძღვას.

სამწუხარო კი ის არის, რომ დღევანდელ რეალობაში პოლიტიკოსს ყველაფრის თქმის უფლება აქვს, ყველანაირი ტყუილის გაჟღერება შეუძლია, უაპელაციოდ შეუძლია გალანძღოს ნებისმიერი პიროვნება თუ ორგანიზაცია და ამაზე პასუხიც არ მოეთხოვება. ასევე, სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა არგუმენტების, რიცხვების და პროცენტების გარეშე საუბრობს ისეთ ფაქიზ საკითხებზე როგორიც საბანკო სისტემა და ფინანსებია. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო მომსახურება ჩვენი ქვეყნის 800.000-მდე უფროსი თაობის წარმომადეგნელს ეხება, ეს გარემოებაც არ გაითვალისწინეს და მოუთოკავი პოპულიზმით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

საქმე ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკოსების მიერ საკითხი ტყუილების ირგვლივ აგორდა. მათ მიერ გაჟღერებული არცერთი განცხადება არ ეფუძნებოდა რეალობას. ამას მოწმობს ისიც, რომ არჩევნების შემდეგ, ამ საკითხზე ხმას ვეღარ იღებენ. მათ გააცნობიერეს, რომ ყველა მათი ბრალდება საფუძველს მოკლებული იყო და, შესაბამისად, არცერთი არგუმენტი აღარ აქვთ, რითაც საზოგადოებასთან საუბარს შეძლებენ.

კონკრეტულად რომ განვიხილოთ პოლიტიკოსების მიერ წინასაარჩევნოდ წაყენებული ბრალდებები, ვნახავთ, რომ ყველა მათი ე.წ. ბრალდება უბრალოდ უსაფუძვლო ტყუილი აღმოჩნდა.

აქტიურად ისმოდა, რომ თითქოს „ლიბერთი“ ბანკი სესხებს არაადეკვატურად მაღალ პროცენტში გასცემდა – ტყუილია. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ „ლიბერთის“ მიერ უფროსი თაობის მომხმარებლებზე გაცემული არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტები (ე.წ. საპენსიო სესხი) არათუ საბაზრო, არამედ საბაზროზე დაბალიც კი აღმოჩნდა. არაერთი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის „ლიბერთის“ გარდა სხვა ბანკებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 32%-დან 49%-მდე მერყეობს. მაშინ როცა „ლიბერთიში“ ამ სესხზე პროცენტი 30.65%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებმა შესანიშნავად იცოდნენ „ლიბერთის“ მიერ გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, ანუ 30.65%, ტელეეთერებში თუ საჯარო განცხადებებში საზოგადოებას დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდნენ და მუდმივად 36%-ს ახსენებდნენ. ეს მეორე ფაქტია, რაც მსუბუქად თუ ვიტყვით არაფპროფესიონალიზმთან ერთად, ამორალურია.

პოლიტიკოსები იმასაც საუბრობდნენ, რომ თითქოს უფროსი თაობის ადამიანებზე გაცემული კრედიტები ე.წ. უზრუნველყოფილი სესხების კატეგორიას განეკუთვნებოდა და თითქოს ბანკი არანაირ რისკს არ იღებდა სესხის გაცემის პროცესში – ესეც ტყუილი აღმოჩნდა. სინამდვილეში გაირკვა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებზე გაცემული კრედიტები არათუ უზრუნველყოფილი და ურისკო არ არის, არამედ ამ სესხებზე ყველა რისკს ბანკი საკუთარ თავზე იღებს. ეს რომ ასეა, დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის (EY – Ernst & Young) საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან დასტურდება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მხოლოდ ე.წ. საპენსიო სესხებიდან ბანკმა მხოლოდ 2020 წელს 27 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

იმაზეც აქტიურად იყო საუბარი, რომ „ლიბერთი“ ბანკი მონოპოლისტია და მთავრობასთან კაბალური ხელშეკრულების საფუძველზე სესხის გაცემაზე გარკვეულ ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს – ესეც ტყუილი აღმოჩნდა. სინამდვილეში გაირკვა, რომ უფროსი თაობის ადამიანებს ოთხჯერ მეტი სესხები აქვთ სხვა ბანკებში აღებული, ვიდრე „ლიბერთიში“. საკუთრივ ეს გარემოება კი იმის დადასტურებაა, რომ არანაირ მონოპოლიაზე და არანაირ ექსკლუზივებზე საუბარი არ არის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბანკების მხრიდან ტენდერში ინტერესი არ იქნება გამოხატული არის ის, რომ საპენსიო და სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურება სპეციფიკური ბიზნესია და საჭიროებს როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამის ქსელურ ინფრასტრუქტურას, ისე დატრენინგებულ და გამოცდილი პერსონალს. ეს არც ერთი ბანკისთვის, არ იქნება იოლად გადასაჭრელი ამოცანა. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რომელიმე ბანკი წავიდეს ამ კოლოსალურ ხარჯებზე, მით უფრო იმ ფონზე, როცა პრაგმატული გათვლებიდან გამომდინარე, უფასოდ დარიგებულ პენსიებს (დღესდღეობით სახელმწიფო 1 თეთრსაც არ იხდის პენსიების დარიგებაში) და ამით ამ სეგმენტის, როგორც მომხმარებლების მობმას, საკმარისი ფინანსური ბენეფიტის  მოტანა გაუჭირდება.

ეს და სხვა უამრავი ფაქტი კი, თავის მხრივ ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო ბატალიების ფონზე, ერთ სისტემურ ბანკზე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მიერ უსამართლო შეტევა განხორციელდა. უსამართლოც, დაუსაბუთებელიც და უარგუმენტოც. ამ რეპუტაციის შემლახავი კამპანიის ფონზე, რთული წარმოსადგენია, რომელი ბანკი გარისკავს და მოისურვებს თავისი ინიციატივით იმ ხათაბალაში გახვევას, რაც პენსიების დარიგების პროცესს თან ახლავს. სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე პოლიტიკოსი ტელეეთერში არ გამოვა და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ პენსიების დარიგებაზე პასუხისმგებელ ბანკს ტალახს არ ესვრის. როგორც იტყვიან, „ეს კინო ნანახი გვაქვს“. საპენსიო საკითხები წლების განმავლობაში სრულად შერწყმულია პოლიტიკურ დღის წესრიგთან.

შესაბამისად, პენსიების დარიგება უფრო მეტად პოლიტიზირებულ ხასიათს ატარებს, ვიდრე წმინდა საბანკო ან ფინანსურს. სამწუხარო რეალობაა, რომ როდესაც პოლიტიკოსებს ხალხთან სასაუბრო გამოელევათ, მაშინათვე ელექტორალურად მსუყე თემას იშველიებენ და მუდმივად ისეთ საკითხზე აპელირებენ, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის 800.000 მოქალაქეს ეხება. უფრო სწორედ საარჩევნო თვალსაზრისით ყველაზე აქტიურ 800.000 მოქალაქეს.

აქედან მარტივი დასკვნა გამომდინარეობს, პოლიტიკოსები რეალურად არა საპენსიო მომსახურების დახვეწაზე ფიქრობენ, არამედ იაფფასიანი პოპულიზმისთვის პერიოდულად ააქტიურებენ საპენსიო საკითხებს. შესაბამისად, გამოდის, რომ ხალხის საჭიროებებს ამოფარებული პოლიტიკოსები, რეალურად საკუთარი ინტერესების შესაბამისად, უფროსი თაობის ადამიანების საჭიროებებით მანიპულირებენ. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ – ფაქტია, ამორალური ფაქტი.

სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ამ საქმიანობას არცერთი კომერციული ბანკი სერიოზულად აღარ უყურებს. არავის აქვს სურვილი ბანკის იმიჯის დამანგრეველ საქმიანობას ხელი მოჰკიდოს. სხვათა შორის, ამას მოწმობს 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევაც, რომლითაც გამოიკვეთა, რომ პენსიების დარიგების მიმართ არცერთმა ბანკმა ინტერესიც კი არ გამოხატა.

უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, საქმე უფრო მძიმედ არის. განვითარებული მოვლენების ფონზე, პენსიების დარიგების მოქმედი მომსახურე „ლიბერთი“ ბანკის პოზიციაც მნიშვნელოვნად შეცვლილია. ბანკის წარმომადგნელების მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში გამოიკვეთა, რომ ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღების დიდი სურვილი უკვე „ლიბერთისაც“ აღარ აქვს. მათივე განცხადებით, სატენდერო პირობებზეა დამოკიდებული საკითხის მიმართ მათი შემდგომი დაინტერესება.

შესაბამისად, შესაძლოა, საპენსიო მომსახურების საკითხი „ლიბერთი“ ბანკისთვისაც აღარ იყოს საინტერესო. პრინციპში მსგავსი დამოკიდებულება მოსალოდნელიც იყო იმდენად, რამდენადაც ამ საქმიანობიდან ბანკი უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს იღებს. ყველამ ერთად ვნახეთ საარჩევნო ხმებზე მონადირე პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო და უარგუმენტო პოპულიზმის ნიაღვარი, რამაც ბანკის იმიჯს ჩირქი მოსცხო. ამდენად, ლოგიკურია განვითარებაზე ორიენტირებული ბანკის მიერ იმიჯის შემლახავ საქმიანობაზე თავის შეკავება.

აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ ატეხილი უსაფუძვლო განგაში და ბანკის იმიჯის დამაზიანებელი მიზანმიმართული კამპანიები, ხდება მთლიანად საბანკო სექტორის მხრიდან საპენსიო მომსახურებაზე თავის შეკავების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.

იმედია, სამომავლოდ, პოლიტიკოსები სიღრმისეულად გაიაზრებენ მათ პასუხისმგებლობას და ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, საბანკო სექტორზე იერიშის მიტანას მოერიდებიან.  მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა მოკლევადიან საარჩევნო მიზნებზე მაღლა საკითხებისადმი უფრო სიღრმისეული ანალიზის და დეტალური კვლევების პრინციპი დააყენონ.

ამ მართლაც მნიშვნელოვან საკითხზე, უახლოეს მომავალში უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ოფიციალური პირების მიერ გაჟღერდა, წლის ბოლომდე ტენდერი უნდა გამოცხადდეს. საინტერესოა როგორ განვითარდება პროცესები და მომავალში ვინ განაგრძობს ჩვენი საამაყო პენსიონერი თაობის მომსახურებას.

Share