Home » საზოგადოება » “პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ”

“პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ”

ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსები გარკვეულ წესებზე უნდა შეთანხმდნენ – მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე.

როგორც Facebook-ზე ხაზარაძე წერს, არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვისა და ღალატის ბრალია.

“ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. “ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო”, – ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან. ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ – იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება”, – წერს ხაზარაძე.

მისი თქმით, ის მიხვდა, რომ ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას ისინი და შემდეგ გადავიდეს მოქმედებაზე.

Share