Home » საზოგადოება » პირველ კვარტალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის ვადები 3 000-მა ქართველმა დაარღვია
პირველ კვარტალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის ვადები 3 000 ქართველმა დაარღვია

პირველ კვარტალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის ვადები 3 000-მა ქართველმა დაარღვია

90-ნი წლებიდან მოყოლებული მოსახლეობა სხვა ქვეყნებში დასაქმების მოტივით ყოველწლიურად ტოვებს საქართველოს. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა სწრაფად დაბერებადი ერების რიცხვს მიეკუთვნება, შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულ ნიშნულზე მაინც არ არის, მაგრამ ამის მიუხედავადაც, თითქმის წლიდან წლამდე, იკლებს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა.

2015 წლის 1-ელ იანვარს, ახალი აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 3 მლნ 713 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2016 წელს კი – 3 მლნ 720 ათასი. სამაგიეროდ, 2017 წელს კლება დაფიქსირდა – 3 მლნ 718 ათასი. ამ დროს ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში 17 ათასი ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. თუ მონაცემებს დაუჯერებთ მოსახლეობის რიცხვი უნდა იზრდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, პირიქით ხდება და სახეზე გვაქვს კლება. ამის მთავარი მიზეზი კი სწორედ ემიგრაციაში წასული ქართველები არიან.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2014 წლის აღწერის მიხედვით, 2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ხნით გავიდა 88.5 ათასი ადამიანი, აქედან უფრო მეტი _ ქალი, ყველაზე მეტი ადამიანი წასულია რუსეთში _ ემიგრანტთა 21.7%, საბერძნეთში, თურქეთსა და იტალიაში. გერმანიაში სულ ემიგრანტთა 7.1%-ია წასული. საქართველოს მოქალაქეები გასულები არიან აშშ–ში, ესპანეთში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსულები 97.5 ათასით ჭარბობენ უცხოეთში წასულებს. ამასთან, ჩამოსულთა დიდი ნაწილი რუსეთიდანაა. საქართველოში ასევე ჩამოდიან საბერძნეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ბრიტანულმა ბანკმა HSBC-იმ გამოაქვეყნა კვლევა – მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყანა ემიგრანტებისთვის სამუშაოდ. კვლევაში 190 ქვეყნიდან 27 ათასი ადამიანი გამოიკითხა. კვლევის თანახმად, ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული გამოკითხულთა პასუხების მიხედვით დადგინდა თუ სად უფრო მარტივია მათთვის ცხოვრება, მუშაობა და ოჯახის ფეხზე წამოყენება. ემიგრანტებისთვის სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება: 1 – შვეიცარია, სადაც ემიგრანტის საშუალო ხელფასი 188.275 დოლარია; 2 – გერმანია, სადაც საშუალო ხელფასი 97.693 დოლარია; 3 – შვედეთი, ემიგრანტის საშუალო ხელფასი იქ 84.802 დოლარია; 4 – არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სადაც ემიგრანტებს საშუალოდ 112.820 დოლარი აქვთ ხელფასი; 5 – ნორვეგია – ემიგრანტებს საშუალო ხელფასი 97.486 დოლარია; 6 – სინგაპური, ემიგრანტებს იქ საშუალოდ 138.641 დოლარი აქვთ ხელფასი; 7 – ავსტრია, ემიგრანტების საშუალოდ 85.288 დოლარიანი ხელფასით; 8 – ჰონგ-კონგი, სადაც საშუალო ხელფასი ემიგრანტებისთვის 169.756 დოლარია; 9 – გაერთიანებული სამეფო 83.227 დოლარიანი საშუალო ხელფასით; 10 – ბაჰრეინი, სადაც ემიგრანტთა საშუალო ხელფასი 98.622 დოლარია.

2017 წლის მარტის თვიდან საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ უფლება, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებულიყვნენ. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი და არ ითვალისწინებს სამუშაო ან სასწავლო ვიზიტით გამგზავრებას, საზოგადოებისა და ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს ქვეყნიდან ემიგრანტთა ახლა უკვე, არალეგალურად გადინებას.

აღნიშნულ მოსაზრებას გარკვეულ წილად ამყარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის მონაცემები რომლის მიხედვითაც, 2017 წლის ივლისის მონაცემებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში 3 000 ადამიანი არ დაბრუნებულა. აღნიშნული ციფრი საგანგაშო ნამდვილად არ არის მაგრამ გასათვალიწინებელია, რომ აღნიშნული მონაცემები მხოლოდ პირველი ორი კვარტლის მდგომარეობას ასახავს და საერთო სურათის დანახვა მხოლოდ წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.

პეტრე ლეკიშვილი

Share