Home » ბიზნესი » პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი
პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი

პირამიდული ბიზნესის ჩამოშლის ტენდენცია გრძელდება. საფინანსო კომპანია “საქართველოს”, “ემეფიქს ბროკერ ჯორჯიასა” და რამდენიმე მსგავსი კომპანიის თაღლითური სქემების გაშიფვრის შემდეგ მეანაბრეები თანხების მითვისებაში “ეფიქს ბიზნეს გრუპს” ადანაშაულებენ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პროცესი ამით არ შეჩერდება და აღნიშნული კომპანიების გზას სხვებიც დაადგებიან. კიდევ გამოჩნდებიან ფირმები, რომლებიც მომხმარებლების მიმართ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ. დიდი ალბათობით, “პირამიდა ბიზნესის” ბედს ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც გაიზიარებს, რაზეც ფინანსურ წრეებში აქტიურად საუბრობენ.

კომპანია “ეფიქს ბიზნეს გრუპის” ყოფილმა კლიენტებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი კომპანიის ხელმძღვანელების დაკავებასა და კუთვნილი თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, კომპანია პირამიდული სქემით მოქმედებდა და მათი კუთვნილი თანხები უკანონოდ მიითვისა.

ბოლო წლებში, ფინანსური პირამიდის არაერთი სქემის ჩამოშლისა და სებ-ის ახალი რეგულაციების შემდეგ, თითქოს პირამიდული სქემებისგან საზოგადოება დაცული უნდა ყოფილიყო, მაგრამ კომპანია “ეფიქს ბიზნეს გრუპის” მაგალითმა ნათლად აჩვენა, რომ ასე არ არის. მისი შემთხვევა განსხვავებულია სხვა ფინანსური პირამიდების სქემებისგან. აქ სიტუაცია გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე ეს საფინანსო კომპანია “საქართველოს” შემთხვევაში ან სხვა სქემების დროს.

საქმე ისაა, რომ კომპანია “ეფიქს ბიზნეს გრუპი” არა ჩვეულებრივი ფინანსური კომპანია, არამედ საბროკერო კომპანიაა, რომელიც ვალუტითა და სხვადასხვა კომპანიის აქციებით ვაჭრობს. ასეთი საქმიანობა ერთ-ერთი მაღალ რისკიან საქმიანობათა ჩამონათვალშია.

როგორც თავად დაზარალებულები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები მათ 100% გარანტიას სთავაზობდნენ, რომ მათი თანხები დაცული იქნებოდა. ამ დროს ისინი კლიენტს არ აწვდიდნენ ინფორმაციას შესაბამისი რისკების შესახებ.

სპეციალისტების შეფასებით, ფინანსურ ორგანიზაციებზე ზედამხედველობა და კონტროლი მომავალშიც გასამკაცრებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, პრობლემა რთულად მოსაგვარებელია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი ანდრია გვიდიანი ფიქრობს, რომ კონტროლი გასამკაცრებელია ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომლის საქმიანობაც ფინანსურ ღონისძიებებს უკავშირდება.

“შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი მხოლოდ ფართო ზედამხედველობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირამიდული სქემით მომუშავე კომპანიებებისგან არავინ იქნება დაზღვეული. მნიშვნელოვანია ასევე მოქალაქეების ფინანსური დონის ამაღლება, რაც ჯერჯერობით შორეული პერსპექტივაა. მოკლევადიან პერიოდში სებ-ის აქტივობა და გარკვეული ზედამხედველობის დაწესება ფინანსურ ინსტიტუტზე ერთადერთი გამოსავალია, რამაც ხელშესახები შედეგი უნდა მოგვიტანოს.

მიკროსაფინანსო ორგანზიაციები ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ არიან და მათი მომხმარებლები ასეთი საფრთხისგან თითქოს დაცული არიან, თუმცა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურ ტრანზაქციებს ახორცილებს, მაქსიმალურ კონტროლზე უნდა აიყვანონ. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ნაბიჯი გადადგა და არსებითად განსხვავებულია საკანონმდებლო ბაზა იმასთან შედარებით, რაც იყო, ვთქვათ, 5 წლის წინ.

მიუხედავად ამისა, კონტროლი გასამკაცრებელია ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელთა საქმიანობაც ფინანსურ ღონისძიებებს უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ახალი “პირამიდები” და ახალი დაზარალებული მოქალაქეები მივიღოთ”, – განუცხადა “რეზონანსს” გვიდიანმა.

სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს.

“რთული სიტუაციაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. წინ გვაქვს რამდენიმე “აფეთქება”, რაც პირამიდულ ბიზნესს ეხება. იმედი მქონდა, რომ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა პრეცედენტული იქნებოდა და მისი ვალდებულება გავრცელდებოდა ყველა იმ ფინანსურ სქემაზე, რომელიც რეალურად მოსაწესრიგებელია ჩვენს ქვეყანაში. ხარვეზის გამოსწორებას ველოდი, რაც არ მოხდა. დაუსჯელობის სინდრომია და კანონმდებლობა პრევენციული არ არის არც ხალხისთვის და საკანონმდებლო კუთხითაც არსებითად არაფერი შეცვლილა.

აქედან გამომდინარე, რეალურია საფრთხე, რომ “ეფიქს გრუპის” მსგავსი სხვაც გამოჩნდეს, რადგან დანაშაულის ჩადენასთან პრევენცია რეალურად ვერ განახორციელეს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ჩარგეიშვილმა.

“რეზონანსი”

Share