Home » საზოგადოება » „ფონდ „ქართუსა“ და უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული ქუთაისის უნივერსიტეტი მილიარდევროიანი ინვესტიციაა“

„ფონდ „ქართუსა“ და უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული ქუთაისის უნივერსიტეტი მილიარდევროიანი ინვესტიციაა“

დღეს ვიმყოფები იმერეთში, დილით ჩვენ დავათვალიერეთ უნიკალური პროექტი, რომელიც აშენდა ფონდ „ქართუსა“ და უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით.

ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – მილიარდევროიანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებაში, გაძლიერებასა და განათლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, რომ რეალურად ევროპული დონის განათლება მიიღონ.

„ეს არის ახალი აშენებული უნივერსიტეტი, თანამედროვე დონის, რომელიც თანამშრომლობს მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. ამ უნივერსიტეტში ასწავლიან მოწვეული პროფესორები, მეცნიერები, როგორც გერმანიიდან, ისე ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან.

სწორედ ეს არის ხვალინდელი დღე და მინდა გავიმეორო ბატონი განათლების მინისტრის ნათქვამი, რომ ეს არის რეალურად ევროპული დონის უნივერსიტეტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ევროპული დონის განათლება.

ეს არის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი განათლების სისტემისთვის, მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Share