Home » ბიზნესი » ,,ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრზე კვლავ დუოპოლია ნარჩუნდება”
,,ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრზე კვლავ დუოპოლია ნარჩუნდება”

,,ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრზე კვლავ დუოპოლია ნარჩუნდება”

,,კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, ფაქტობრივად, მიუთითა კომპანიებს, რომ მხოლოდ გაზრდილი ფასების შემთხვევაში მიეღოთ ტენდერში მონაწილეობა”

შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში წინა წლების განმავლობაში ,,მაგთიკომი” და ,,ჯეოსელი” მონაწილეობდნენ და სწორედ ისინი უწევდნენ მომსახურებას აბონენტებს. მიმდინარე წელს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში კი განაცხადი მხოლოდ ”ბილაინმა” შეიტანა. სხვა კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ და, მიზეზად, კომუნიკაციების კომისიის მიერ გაგზავნილი წერილი დაასახელეს. წესით, გამარჯვებული ერთადერთი კომპანია ,,ბილაინი” უნდა გამხდარიყო, თუმცა საბოლოო ჯამში, შესყიდვების სააგენტომ ,,ბილაინს” დისკვალიფიკაცია მისცა და მეორე ტენდერის გამოცხადების შესახებ დაანონსა. დისკვალიფიკაციის მიზეზად კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისის კვლევა დასახელდა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ შპს “მობიტელი” (“ბილაინი”) დღეის მდგომარეობით, ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში. ამ გადაწყვეტილებას ,,ბილაინი” არ ეთანხმება. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ”ბილაინი” ტენდერში მოთხოვნილ ყველა პირობას აკმაყოფილებს.

რამდენად სწორი იყო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, აპირებს თუ არა კომპანია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, როდის ჩატარდა კვლევა, რომლის საფუძველზეც მოხდა ,,ბილაინის” დისკვალიფიკაცია და რა მდგომარეობაა სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების ბაზარზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ ,,ბანკები და ფინანსებს” კომპანია ,,ბილაინის” გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი ესაუბრა.

– თქვენ წინა წლებში აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა არ მიგიღიათ, რატომ გადაწყვიტეთ ახლა ამის გაკეთება და რამდენად ეთანხმებით კომუნიკაიციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?

– ჩვენ საკმაოდ გააზრებულად შევიტანეთ სატენდერო დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, რადგან ვთვლიდით, რომ ვაკმაყოფილებდით ნებისმიერ პირობას, რაც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა შესყიდვების სააგენტომ ჩათვალა, რომ ჩვენ ვერ დავაკმაყოფილეთ სატენდერო მოთხოვნა. მათ არგუმენტად მოიყვანეს მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული წერილი, რომელშიც კომისია ამბობს, რომ ,,ბილაინი” თითქოს 3G ტექნოლოგიებზე მოთხვონილ პირობას ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ ბუნებრივია, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ ტექნოლოგიური პარამეტრები, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციაში – მეორე, მესამე და მეოთხე თაობის ქსელები, მათი ტექნიკური დაძაბულობის ველები, ინტერნეტის სიჩქარეები და სხვა ტექნიკური პარამეტრები ყველას ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, გადაწყვეტილება ჩვენი დისკვალიფიკაციის შესახებ გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ გაგვაჩნია სამივე თაობის ქსელ,ი რაც გამოცხადებულია ტენდერში. შესაბამისად, ვთვლით, რომ შესყიდვების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება რეალურ სურათს.

– რა ბედი ელის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში კომპანია ,,ბილაინს”, ხომ არ არის საფრთხე, რომ თქვენ მოხვდეთ შავ სიაში და მეორე ტენდერში ვეღარ მიიღოთ მონაწილეობა?

– პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რადგან გვსურს სამართლიანობა აღდგეს და ტენდერში გამარჯვებულად უნდა გამოგვაცხადონ. ფაქტია, რომ ჩატარდა ტენდერი, რატომღაც სხვა კომპანიებმა თავი შეიკავეს მონაწილეობის მიღებისაგან, თუმცა თავი არ შეგვიკავებია, გავიმარჯვეთ და სამართლიანად უნდა გავხდეთ გამარჯვებული – რა იქნება მომავალში არ ვიცი, ამას სასამართლო გადაწყვეტს. ჩვენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ვმოღვაწეობთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს. თუმცა, თუ ისე მიოხდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე გაიმართა მეორე ტენდერი, ჩვენ განზე არ გავდგებით და აუცილებლად, მეორედაც შევიტანთ განაცხადს. შავ სიაში მოხვედრა, არ მოხვედრას წყვეტს შესყიდვების სააგენტო, მე იმედი მაქვს, რომ ასეთი რამე არ მოხდება და თუ ასე მოხდა გამოდის, რომ ჩვენს მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებას ჰქონია ადგილი.

– როდის ჩაატარა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კვლევა, რომლის საფუძველზეც მოხდა თქვენი დისკვალიფიკაცია?

– როგორც მოწოდებული დოკუმენტიდან ჩანს ეს ყველაფერი მოხდა ერთ დღეში. პირველ თებერვალს მიმართა შესყიდვების სააგენტომ მარეგულირებელს, კომისიამ მიმართვის საფუძველზე ჩაატრა კვლევა, იმ დღესვე მოიწვია სხდომა და განიხილა კვლების შედეგები. შემდეგ, შესყიდვების სააგენტოს მისწერა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილი. შესყიდვების სააგენტოშიც იმავე დღეს განიხილეს მიღებული წერილი და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნა. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების მიღება ერთ დღეში, ამ ყველაფრის მოსწრება საკმაოდ აბსურდულია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 

– ,,მაგთიკომმა” და ,,ჯეოსელმა” აღნიშნულ ტენდერში არ მონაწილეობის მიზეზად მარეგულირებელი კომისიისგან მიღებული წერილი დაასახელეს. თქვენ თუ მოგივიდათ ეს წერილი და რა იყო მასში ნათქვამი?

– ჩვენთან ეს წერილი მოვიდა მას შემდეგ რაც სატენდერო დოკუმენტაცია შევიტანეთ და ტენდერის ვადაც ამოიწურა, კონკრეტულად კი 30 იანვრის 13 საათზე. შესაბამისად, მარეგულირებლის გაფრთხილების შესახებ არაფერი ვიცოდით. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დანარჩენ კომპანიებთან ეს წერილი მივიდა 27 იანვარს – ეს ფაქტიც ცოტა აბსურდულია. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არეგულირებს სამ კომპანიას, აქედან ორ კომპანიას წერილი დროულად მიუვიდა, ხოლო მესამეს, ანუ, ჩვენ დაგვიანებით. როგორც ჩანს, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მიმართა შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს, რომ გაეზარდა ტენდერში გამოცხადებული ფასები. თუმცა, რადგანაც ტენდერი უცვლელი დარჩა და მარეგულირებელმა გადაწყვიტა კომპანიებზე ზემოქმედებით მომხდარიყო ტენდერში ერთგვარი ჩარევა. ანუ, როგორც წერილის შინაარსიდან ჩანს, მარეგულირებელი მიუთითებს კომპანიებს, რომ ტენდეტში მონაწილეობის შემთხევაში ისინი მომსახურებას იყიდიდნენ გაცილებით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე საცალო მომსახურების შემთხვევაშია, ამიტომ არ უნდა მიეღოთ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა. არადა, ტენდერში გამოცხადებული ფასები ისეთივე იყო, როგორიც წინა წლებში. რაც შეეხება სუბსიდირებას, ჩვენ პირადად არცერთი ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფის სუბსიდირებას არ ვახდენთ და ისედაც გვაქვს საკმაოდ დაბალი ტარიფები. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში სუბსიდირების ბრალდება ვერ იქნებოდა რელევანტური.

– საცალო მომსახურების ბაზარზე კომპანია ,,ბილაინის” გამოჩენის შემდეგ, ტარიფები საკმაოდ შემცირდა, კორპორაციულ მომსახურებაზე კი დღემდე მხოლოდ ორი კომპანია ოპერირებს, რამდენად მნიშვნელოვანია აქ ,,ბილაინის” მონაწილეობა და რა მდგომარეობა ბაზარზე?

-აღნიშნული ტენდერი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ვინაიდან, ვთვლით, რომ სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში დღემდე არსებობს დუოპოლია. ორი კომპანია აკონტროლებს მომხმარებლების 100%-ს სახელმწიფო სექტორში რაც, ჩემი აზრით, ქმნის არაჯანსაღ კონკურენციას. შესაბამისად, თუ აღნიშნული ვითარება გამოსწორდება, შეიქმნება თავისუფელი კონკურენცია და ბაზარზეც უფრო ჯანსაღი სიტუაცია ჩამოყალიბდება, ,,ბილაინი” კორპორაციულ მომხმარებელს შესთავაზებს არა მხოლოდ დაბალ ტარიფს არამედ საუკეთესო მომსახურებასაც.

ალბათ, ყველას ახსოვს, რომ წლების განმავლობაში საცალო ქსელშიც იყო დუოპოლია, ხოლო “ბილაინის” შემოსვლის შემდეგ, როგორც შეიცვალა და გაუმჯობესდა ბაზარი ამას კარგად ვხედავთ. გვჯერა, რომ იგივე მოხდება კორპორაციულ მომსახურებასთან დაკავშირებითაც. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სექტორშიც დაირღვეს არსებული დუოპოლია. სხვათა შორის, ამ კორპორაციული კლიენტების რაოდენობა არის მთლიანი სააბონენტო ბაზის 8-9 პროცენტი. ანუ, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ მეათედში ისევ დუოპოლია ნარჩუნდება.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

 

Share