Home » საზოგადოება » ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ შემოსავლების სამსახური გადამხდელთა გეგმურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს.

შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზაზა თაბაგარის განცხადებით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტი გადამხდელის მიმართ.

მიმდინარე წლის ივლისში შეირჩა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ეს ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას. კამერალური საგადასახადო შემოწმება კი ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

Share