Home » ეკონომიკა » ფინანსთა მინისტრი – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6,9%-ით, ხოლო ჯამურად 10 თვის განმავლობაში – 10,5%-ით

ფინანსთა მინისტრი – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6,9%-ით, ხოლო ჯამურად 10 თვის განმავლობაში – 10,5%-ით

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6,9%-ით, ხოლო ჯამურად 10 თვის განმავლობაში ეკონომიკა 10,5%-ის ოდენობით გაიზარდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბიუჯეტო პროგნოზები დაკორექტირდა და მიმდინარე წლის ეკონომიკურმა ზრდამ 9,5%-დან 10%-მდე მოიმატა.

„10%-იანი ზრდის შემდეგ, მომდევნო წელსაც საკმაოდ მაღალი, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდები და მნიშვნელოვანია, რომ 2022-2025 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდაც ასევე მაღალი, 5,5%-ის ფარგლებში იქნება. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს მაჩვენებლები უფრო მეტად გაუმჯობესდეს.

ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა იქნება 5500 დოლარზე მეტი და ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ჩვენ ვამცირებთ როგორც ვალის, ისე დეფიციტის მოცულობას.

უკვე წარდგენილ ბიუჯეტში დეფიციტის მოცულობა შემცირებულია 4,2%-მდე, ხოლო ვალის მოცულობა შემცირებულია თითქმის 9 პროცენტული პუნქტით – 60%-დან 51%-მდე. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი განისაზღვრება 19 მილიარდ 362 და 362 მილიონი ლარით და წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 336 მილიონი ლარით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Share