Home » ფინანსები » ფინანსთა მინისტრი – არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ვალი 1-2 წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს

ფინანსთა მინისტრი – არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ვალი 1-2 წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს

მოლოდინი, რომ სახელმწიფო ვალი 1-2 წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, არავის უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ყველა ქვეყანას საგარეო და საშინაო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაეზარდა.

„ვალთან მიმართებაში მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ვალის მოცულობის ცვლილება არ იქნება, რადგან 500 მლნ დოლარის სანაცვლოდ მოხდა მეორე 500 მლნ-ის ჩანაცვლება; ანუ ვალის მოცულობა რჩება იგივე, საპროცენტო განაკვეთი იქნება გაცილებით დაბალი, 6.875%-დან 2.75%; დაახლოებით 5 წლის განმავლობაში 350 მლნ-ით ნაკლების გადახდა მოუწევს ბიუჯეტს იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი იქნება 2.5-ჯერ დაბალი, ვიდრე იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხვევაში.

ქვეყნის პრიორიტეტად კვლავ რჩება საგარეო ვალის და ზოგადად ვალის შემცირების ტრენდის ჩვენება, თუმცა კოვიდმა უდიდესი წნეხი მიაყენა ქვეყნებს. მოლოდინი იმისა, რომ ვალი ერთ, ორ წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, არავის უნდა ჰქონდეს, რადგან საკმაოდ დიდია წნეხი, რომელიც კოვიდმა მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს. შესაბამისად, ყველა ქვეყანას საგარეო და საშინაო ვალი მნიშვნელოვნად გაეზარდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.

შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიწყოთ პროცესი, რომელიც შეამცირებს საგარეო ვალს ქვეყანაში და ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ყველას, მათ შორის ინვესტორებს, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებს, რომ ქვეყანა ფისკალურ დეფიციტს ამცირებს თანამიმდევრულად. ეს ორი პარამეტრი აუცილებელია, რომ მომდევნო წლებში შემცირდეს და ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო აგრძლებს მუშაობას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Share