Home » საზოგადოება » ფერმერები 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ

ფერმერები 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ

ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ.

სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ 0.25 ჰა-დან – 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე ფერმერები 1 ჰა-ზე დარიცხული 200 ლარის განაღდებას მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, სასოფლო სამეურნეო საქონელის შესაძენად შეძლებენ.

„დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“ პლასტკიკური ბარათები ან შესაძლოა მათ ეს ბარათები უკვე აქვთ, სადაც დაერიცხებათ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 200 ლარი და შემდეგ ამ ბარათების გამოყენებას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ, სადაც არის სპეციალური ტერმინალები.

ანუ კონკრეტულად იმ პროდუქტით მოვაჭრე ობიექტებში, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარსამართადაა საჭირო, იქნება ეს შხამ-ქიმიკატები, მცენარეთა მოვლის საშუალებები თუ სხვა. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად ამ მაღაზიებში ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს ბარათები გამოიყენონ და გაანაღდონ ის ქულები, რომლებიც ბარათზე დაერიცხებათ. ამავდროულად, 1 ჰექტარზე მეტი მიწის მეპატრონეებს, რომელთაც რეგისტრირებულ აქვთ მიწა შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მექანიზაციის სერვისით, სადაც ანალოგიური პრინციპით გაანაღდებენ ბარათზე დარიცხულ ქულებს და მექანიზაციის სერვისს მიიღებენ“, – აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ სტუმრობისას.

ცნობისთვის, მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებაა.

კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს 0.25 ჰა-დან – 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეების სტიმულირებას სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირების გზით.

გლეხებს აგრო ბარათზე ყოველ 1 ჰა-ზე 200 ლარის ექვივალენტი 200 ქულა დაერიცხებათ. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.

Share