Home » ფინანსები » ფარმაციის ასოციაცია: ფასის რეგულირებამ, შესაძლოა, ზოგიერთი წამლის დეფიციტი გამოიწვიოს

ფარმაციის ასოციაცია: ფასის რეგულირებამ, შესაძლოა, ზოგიერთი წამლის დეფიციტი გამოიწვიოს

საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშს აფასებს.

ანგარიში, რომელშიც რეკომენდაციებია წარმოდგენილი, გულისხმობს ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობას და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას.

ირაკლი მარგველაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” ამბობს, რომ შუალედური ანგარიშის მთავარი მიზანი რეკომენდაციების შესაბამისად რეგულაციების შემუშავება და საკითხის მიმართ მიდგომის შეცვლაა.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის მიერ გაკეთებული კომენტარები გარკვეულწილად ასახულია შუალედურ ანგარიშში – ეს ეხება, ფარმაცევტულ კომპანიებსა და მედიცინის მუშაკებს შორის ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობას, ასევე რეცეპტის მონიტიორინგს და ა.შ.

“ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების ერთი ნაწილის აღსრულება აუცილებელია და შეიძლება ეს ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხდება, თუმცა იმპლემენტირებულია, მაგალითად, რეცეპტის მონიტორინგი, ელექტრონული სისტემები და ა.შ. უნდა შემუშავდეს გაიდლაინები, რადგან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან 95% კერძოა, გაიდლაინების არსებობა ორმაგად მნიშვნელოვანია,” – აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ფასწარმოქმნის პროცესში, საუბარია შესაძლო ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ წნეხებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ინტენსიური კონსულტაციები.

“ფასწარმოქმნის მექანიზმები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა თითოეული მიბმულია სადაზღვეო მედიცინასთან, იმასთნ თუ რამდენად ინტენსიურად არის სახელმწიფო ჩართული მოსახლეობის მედიკამენტების ანაზღაურებაში. იქედან გამომდინარე, რომ კონკრეტული მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია, ფასთა რეგულაციის რომელიმე მოდელის გამოყენებამ შესაძლოა ზოგიერთი წამლის დეფიციტი გამოიწვიოს და რაღაც დონეზე პაციენტიც დააზარალოს,“ – აღნიშნავს ფარმაციის ასოციაციის ხელმძღვანელი.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ჯენერიული პროდუქცია იგივე ფასი ღირს, რაც ბრენდული. მთავარი კი ის არის, თუ ხარისხობრივად რამდენად შედარებადია ჯენერიული პროდუქცია ორიგინალთან, დღესდღეობით ეს პრობლემატური საკითხია და სანამ კანონმდებლობა არ იქნბება იმ დონეზე, რომ ხარისხის კონტროლი განხორციელდეს, რისკები კვლავ იარსებებს.

როგორც პრემიერმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, ბაზრის დარეგულირების მიზნით ფარმაციის სექტორთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

მარგველაშვილის თქმით, კომუნიკაციის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჯანდაცვის კომიტეტთან არც შეწყვეტილა და შუალედური ანგარიშის შესახებ კონკურენციის სააგენტოს დასკვნებს ელოდებოდნენ.

“თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რამის ცვლილებაზე და არ დავიწყეთ ამას რეგულაციების ცვლილებით, ის ყველაფერი რაც ანგარიშში წერია აზრს კარგავს და ვერ ვუზრუნველყოფთ მთავარ კომპონენტს – ხარისხს,” – ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.

წყარო: business-partner.ge

Share