Home » საზოგადოება » „ფაქტობრივად, ბოლშევიკურ პროპაგანდას ეწევა მთავრობა, ყველანაირ შესაძლებლობას ზღუდავენ“

„ფაქტობრივად, ბოლშევიკურ პროპაგანდას ეწევა მთავრობა, ყველანაირ შესაძლებლობას ზღუდავენ“

ეკონომისტ დემურ გიორხელიძის აზრით, კიდევ ერთი შეზღუდვა რეალურად წარმოუდგენელია, რადგან ამას ეკონომიკა, უბრალოდ, ვერ გაუძლებს.

,,ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი კოტრდება. ცხადია, გაგრძელდება ეს პროცესი და მდგომარეობა უფრო გართულდება. გაცილებით რთული წელი გველის, ვიდრე შარშან იყო. არ მესმის ის კამპანიურობა, რაც საქართველოს ხელისუფლებაშია. რატომ არ შეიძლებოდა გეგმაზომიერი, აწყობილი, თანმიმდევრული პოლიტიკა განხორციელებულიყო.

ცხადია, საქართველო ვერ გაკეთებს იმას, რაც აშშ-მ გააკეთა, ის სხვა დონის ქვეყანაა, სხვა საშუალებები აქვს. ტრილიონობით დოლარი მარტო მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებაში ჩაიდო, ევროპამაც კი ვერ შეძლო მსგავსი ღონისძიებების გატარება.

თუმცა, ჩვენ ჩვენი რესურსით, განსაკუთრებით სწორი მიდგომით და არა უაზრო შეზღუდვებით, შეგვეძლო ბევრად უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია, ვიდრე აქამდე მოვახერხეთ. ფაქტობრივად, ბოლშევიკურ პროპაგანდას ეწევა მთავრობა, ყველანაირ შესაძლებლობას ზღუდავენ. ვნახეთ, რომ ამან შედეგი ვერ გამოიღო”, – აღნიშნა გიორხელიძემ და დასძინა,  რომ თუკი მთავრობაისევ ლოქდაუნის გზით წავა, ქვეყანა აღმოჩნდება ღრმა კრიზისში, საიდანაც მერე გამოსვლა შეუძლებელი იქნება.

,,ვიმედოვნებ, რომ მეტ შეზღუდვებს აღარ დააწესებენ. ასე ვერ გავაგრძელებთ, უარესი ვითარება გვექნება. ეკონომიკა ტურიზმზეა ჩამოკიდებული. ვინმე თუ ფიქრობს, რომ საქართველოს ტურისტული ნაკადები მოასკდება, ძალიან ცდება. წლები ვერ მოხდება ასე, სხვა მიმართულებით გვმართებს ღონისძიებების განხორციელება.

მთავრობის მხრიდან, რაც შეიძლება, სწორი და ფრთხილი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, ეკონომიკის ჩაკეტივის საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს, ამ მიდგომას კატეგორიულად ვემიჯნები”, – განუცხადა “რეზონანსს” გიორხელიძემ.

Share