Home » საზოგადოება » „ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტით, თეა გოდოლაძის განცხადება ლარსი ჰესთან დაკავშირებით, არის მცდარი

„ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტით, თეა გოდოლაძის განცხადება ლარსი ჰესთან დაკავშირებით, არის მცდარი

ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტით, თეა გოდოლაძის განცხადება ლარსი ჰესთან დაკავშირებით, არის მცდარი

„ბოლო წლებში აშენდა ლარსი ჰესი, რომელიც აღარ მუშაობს ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ დასკვნით, თეა გოდოლაძის განცხადება არის მცდარი“, – ამის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ მიერ გამოქვეყნებილ ვერდიქტშია საუბარი.

„ფაქტ-მეტრის“ არის  ვებ-რესურსი, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო პირების განცხადებებსა და პოზიციებს სწავლობს და ფაქტობრივ გარემოებებთან მათი შესაბამისობის ხარისხს სატანადო ვერდიქტს ანიჭებს. ვერდიქტების გრადაცია შემდეგნაირია: სიმართლე; მეტწილად სიმართლე; ნახევრად სიმართლე; მეტწილად მცდარი; მცდარი;  ტყუილი; მანიპულირება და ყალბი ამბავი.

„ფაქტ-მეტრმა“ „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და „სეისმური ეროვნული ცენტრის“ დირექტორის, თეა გოდოლაძის „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ ლარსი ჰესი აღარ მუშაობს, შეაფასა, როგორც მცდარი. შეგახსნებთ, ვერდიქტის – „მცდარი“ შემდეგ მოდის უკვე ვერდიქტი – „ტყული“, „მანუპულირება“ და „ყალბი ამბავი“.

საკითხთან დაკავშირებით „ფაქტ- მეტრის“ მიერ წარმოებულ ანალიზში აღნიშნულია შემდეგი“

ლარსი ჰესი საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თერგზე მდებარეობს. დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის (ჰესის ტიპი, რომელიც ფუნქციონირებს მცირე კაშხლით ან მის გარეშე. მდინარის ბუნებრივი ჩამონადენის ნაწილი ელექტროენერგიის საწარმოებლად ტურბინებს მილის ან არხის მეშვეობით მიეწოდება) დადგმული სიმძლავრე (დადგმული სიმძლავრე აგრეგატების ნომინალური სიმძლავრის ჯამია და აჩვენებს, რა მაქსიმალური დატვირთვის პირობებში შეუძლია მუშაობა ობიექტს) 19.5 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს.

ლარსი ჰესის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. ის კომპანია „ფერი“-მ ააშენა (დამკვეთი  შპს „ენერგია“) და მშენებლობაში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ესკო-ს მონაცემის მიხედვით, ექსპლუატაციაში შესვლიდან, 2014 წლიდან, ლარსი ჰესი ელექტროენერგიას ყოველწლიურად გამოიმუშავებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის სამ თვეში – სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერში და 2016 წლის ოთხ თვეში – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ჰესს ელექტროენერგია არ გამოუმუშავებია.

შესაბამისად, დასახელებულ წლებში ლარსი ჰესმა ყველაზე ცოტა ელექტროენერგია აწარმოა – 2014 წელს – 42 მლნ კვტ/სთ და 2016 წელს – 28.1 მლნ კვტ/სთ.

აღნიშნულის მიზეზი დასახელებულ წლებში დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია იყო, სტიქიას უშუალოდ ჰესის ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია, თუმცა 2014 წელს გადამცემი ხაზები დაზიანდა და მათ რეაბილიტაციამდე, ელექტროენერგიის გადაცემა ვერ ხორციელდებოდა.

2016 წელს კი სათავე ნაგებობა დაზიანდა, რომლის რეაბილიტაცია დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდა.

2017 წლიდან ჰესი წლიურად, ჯამში, სტაბილურად 70-80 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ელექტროენერგიის გამომუშავება ყოველთვიურად ხდება, რაც იმის დასტურია, რომ ჰესი გაჩერებული არ არის და მუშაობს, – აღნიშნულია „ფაქტ-მეტრის“ ანალიზში.

დამატებით, არის, თუ არა ლარსი ჰესი გაჩერებული, ამ საკითხის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელ დირექტორს ლაშა იორდანაშვილს დავუკავშირდა, რომლის  განმარტებითაც, 2014 და 2016 წლებში დარიალის ხეობაში სტიქია მოხდა, რომელმაც მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია.

მეწყერს უშუალოდ ჰესის ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია, თუმცა 2014 წელს სტიქიის შედეგად გადამცემი ხაზები დაზიანდა და ამით იყო განპირობებული, რომ 3 თვის განმავლობაში ჰესი ელექტროენერგიის გადაცემას ვერ ახორციელებდა, ხოლო 2016 წელს სტიქიის შედეგად სათავე ნაგებობა დაზიანდა და მის რეაბილიტაციას დაახლოებით სამი თვე დასჭირდა, რის შემდეგაც ჰესმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა.

მისივე ინფორმაციით, არც ახლა და არც წინა წლებში ჰესი გაჩერებული არ ყოფილა. ესკო-ს მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლიდან ლარსი ჰესი წლიურად, საშუალოდ სტაბილურად 74.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ელექტროენერგიის გამომუშავება ყოველთვიურად ხდება.

საინტერესოა, რომ ტელე-ეთერის შემდგომ, სადაც ლარსი-ჰესის თაობაზე განცხადება გაკეთდა, ოდნავ მოგვიანებით, თეა გოდოლაძემ საკუთარ facebook-გვერდზე აღნიშნა, რომ ივნისის თვეში ლარსი ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგია არის ნული.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა ეს ინფორმაციაც და აღნიშნა, რომ მართლაც, ესკო-ს ელექტროსადგურების მიერ სალტეზე გაშვებულ ელექტროენერგიის მონაცემების მიხედვით, ივნისის ინფორმაციით, ლარსი ჰესის გრაფაში ნულია მითითებული, თუმცა იქვე განმარტებულია, რომ 1-6 ივნისის „მონაცამები არ მოდის“.

მეტი სიცხადისთვის „ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა როგორც „ფერის“ ისე ესკოს წარმომადგენლებს.

„ფერის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლარსი ჰესი დღიურად 300 000 მგვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, უბრალოდ, ესკოს-თან ზოგჯერ მონაცემები დაგვიანებით მიდის და გვიან აისახება.

ესკო-ს წარმომადგენლის განმარტებით, ესკო-ში ინფორმაცია ალფადან (კომპიუტერული პროგრამა, სადაც გენერაციის ობიექტებიდან შემოსული ინფორმაცია გროვდება) მიდის. არის შემთხვევები, რომ ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდება გვიანდება, თუმცა თვიურ ბალანსში ყოველდღიური ინფორმაცია სრულად აისახება.

აქედან გამომდინარე, გრაფაში ნული არ ნიშნავს, რომ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგია არ გამოიმუშავა, მით უმეტეს, არის მითითება, რომ ინფორმაცია არ შემოვიდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრს“ გამოაქვს ვერდიქტი, რომ თეა გოდოლაძის განცხადება არის მცდარი.

 

 

Share