Home » ეკონომიკა » PFIZER-ის ქართველი თანამშრომელი: საქართველოს შეუძლია წამლებისა და ვაქცინების შემუშავება დაიწყოს

PFIZER-ის ქართველი თანამშრომელი: საქართველოს შეუძლია წამლებისა და ვაქცინების შემუშავება დაიწყოს

საქართველოს შეუძლია, მედიკამენტებისა და ვაქცინების შემუშავება დაიწყოს, ეს მას უდიდეს შემოსავლებს მოუტანს, – ამის შესახებ პორტალ jandacva.ge-სთან ინტერვიუში კომპანია „ფაიზერის“ ნიუ-იორკის ოფისის წამყვანმა მეცნერ-თანამშრომელმა ალექსანდრე ესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ საქართველოში მედიკამენტების წარმოება ვითარდება, თუმცა, როდესაც ქვეყანა მწარმოებელია, მოგების მხოლოდ მცირე ნაწილს იღებს, რადგან პროდუქციის ნამდვილი ფასი მის ინტელექტუალურ მფლობელობაშია.

„მაგალითად, ინდოეთი მედიკამენტების, მათ შორის ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი, მაგრამ არა შემქმნელია. ამას თავისი ბონუსები აქვს, მაგრამ როდესაც თქვენ საკუთარ მედიკამენტს შექმნით, სულ სხვა ფულზეა საუბარი, ვიდრე როდესაც აწარმოებთ იმას, რაც სხვამ შექმნა. ავიღოთ ვაქცინა – მისი შემუშავება 10 თვეში მოხდა და 2 მილიარდი დოლარი დაჯდა.

კომპანიის შემოსავალი კი ამ კონკრეტული ვაქცინისგან 10-15-ჯერ მეტი იქნება. 20-30 მილიარდი დოლარი საქართველოს 2-3 წლის ბიუჯეტია! ესაა იმის მაგალითი, რომ დიახ, ძალიან დიდი ფულის ჩადებაა საჭირო ამ დარგში, თუმცა შედეგიც ძალიან დიდია,“ – განაცხადა ესაძემ.

კითხვაზე, რამდენად რეალისტურია ეს პერსპექტივა საქართველოსთვის, მეცნიერის თქმით, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, თუმცა სახელმწიფოს დახმარების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია.

„საქართველოს მთავრობამ უნდა გაზარდოს დაფინანსება ამ მიმართულებით. ათასიანი და ორიათასიანი გრანტებით დიდ შედეგს ვერ მივიღებთ. ეს აყვანილი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და განხორციელდეს გრძელვადიანი ინვესტიცია. მესმის და ვიცი საქართველოს რეალობა, თუმცა ამაზე ფიქრი უკვე უნდა დაიწყოს. მაგალითად, კოვიდის გავრცელების გამო მიღებული საერთაშორისო დახმარების ნაწილი რომ სამეცნიერო სფეროს გაძლიერებას მოხმარდეს, ცუდი არ იქნება.

უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩადებული ინვესტიციის შედეგი იქნება რამდენიმე წლის შემდეგ – ჯერ უნდა აეწყოს ინფრასტრუქტურა, შეძენილ იქნას ხელსაწყოები, უნდა ჩამოვიდეს ის ხალხი, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება, ემუშავა საქართველოში და საქართველოსთვის,“ – განაცხადა ალექსანდრე ესაძემ. მასთან ინტერვიუს ვრცელ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ jandacva.ge-ზე.

Share