Home » მსოფლიო » პენტაგონი ქაბულზე დრონით თავდასხმას შეცდომად აფასებს და ბოდიშს იხდის

პენტაგონი ქაბულზე დრონით თავდასხმას შეცდომად აფასებს და ბოდიშს იხდის

პენტაგონში აცხადებენ, რომ გასულ თვეში ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებულ თავდასხმას 10 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 7 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს „ტრაგიკული შეცდომა“ იყო.

„ჩვენი გამოძიების თანახმად, თავდასხმა ტრაგიკული შეცდომა იყო“, – განაცხადა აშშ -ს ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი ფრენკ მაკკენზიმ.

მისი თქმით, დარტყმის განხორციელებისას ის დარწმუნებული იყო, რომ ეს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარდაუვალ თავდასხმას ააცილებდა, ახლა კი ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ დაღუპულები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების წევრები იყვნენ, ან აშშ-ის ძალებს საფრთხეს უქმნიდნენ.

განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმაც, სადაც მან თავდასხმას შეცდომა უწოდა და ბოდიში მოიხადა.

“ბოდიშს ვიხდით და შევეცდებით, ვისწავლოთ ამ საშინელი შეცდომისგან,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-მა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს დრონებით დარტყმა განახორციელა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე ემსხვერპლა.

ipn.ge

Share