Home » საზოგადოება » პარლამენტის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მოსახლეობას ბანკებიდან სესხის გამოტანა გაურთულოს
პარლამენტის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მოსახლეობას ბანკებიდან სესხის გამოტანა გაურთულოს

პარლამენტის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მოსახლეობას ბანკებიდან სესხის გამოტანა გაურთულოს

ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით საბანკო სექტორის გამოხმაურება გრძელდება.

„ქართუ ბანკის“ შემდეგ, რომელიც არსებული სისტემის შენარჩუნების მომხრეა, პოზიციას საქართველოს ბანკების ასოციაციაც აფიქსირებს.

ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით,   საბანკო სექტორი „საპოლიციო გამოსახლების “ გაუქმების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგია.

საფინანსო ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი, რომელიც კრძალავს გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, გააუარესებს ბიზნესგარემოს და სესხებზე საპროცენტო განაკვეთს გაზრდის.

როგორც ზურაბ გვასალია აცხადებს, კანონის მიღების შემთხვევაში უძრავი ქონება ძალიან მაღალრისკიანი გახდება იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს საკრედიტო ურთიერთობებში.

„თუ შეფასებული ქონებიდან პროცენტული თანაფარდობით 60%-80% გაიცემოდა სესხად, შეიძლება ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ან საერთოდ უარი თქვან უძრავ ქონებაზე, ან შეფასებული ქონების მხოლოდ 30-40% გაიცეს სესხად, რადგან გათვლას ვეღარ გააკეთებენ, თუ რამდენ ხანში შეძლებენ გამსესხებლები ამ თანხის ამოღებას, რაც, ბუნებრივია, საპროცენტო განაკვეთებზეც იმოქმედებს.

„მაღალლიკვიდური უზრუნველყოფა, რომელიც პრობლემას არ ქმნიდა სესხების გაცემის შემთხვევაში, პრობლემური გახდება. პრობლემურ უზრუნველყოფას კი საპროცენტო განაკვეთების გაზრდაც მოჰყვება“

– აცხადებს ზურაბ გვასალია. მისივე თქმით, გარდა გარემოს გაუარესებისა, ცვლილება დამატებით პრობლემას გაუჩენს იმ ადამიანებს, რომლებსაც გამოსახლება ემუქრებათ.

„სასამართლო გადაწყვეტილებით შედეგი აუცილებლად იგივე დადგება, აუცილებლად გამოასახლებენ ამ ადამიანს. სასამართლოს ხარჯები კი იმ მხარის გადასახდელი იქნება, რომელიც წააგებს პროცესს. ანუ მათ, ვინც უნდა გამოსახლდეს, კიდევ სასამართლო ხარჯები ექნებათ გადასახდელი“,- აცხადებს ზურაბ გვასალია.

„საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი კიდევ ერთ პრობლემას ხედავს. მისი თქმით, კანონპროექტში ჩაწერილია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება 1 თვეში უნდა მიიღოს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი დაუყოვნებლივ აღასრულოს გადაწყვეტილება, რაც დღეს არსებული რესურსებით შეუძლებელია. გვასალია ამბობს, რომ სასამართლოებში რესურსების სიმწირის გამო, თვეებით კი არა წლობით იწელება ასეთი დავები, ამიტომ 1 თვეში ასეთი საქმეების განხილვა შეუძლებელია. „სასამართლო ხელისუფლებაში დღევანდელ პირობებში, როდესაც  რეფორმა არ არის ჩატარებული და მოსამართლეები ისედაც არ ჰყოფნით, წარმოუდგენელია, რომ ერთ თვეში მოხდეს ამ სარჩელების განხილვა. ამხელა სასამართლო კორპუსის დამატება და დამატებითი ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ სპეციალურად ასეთ საქმებიისთვის მოსამართლე შეიყვანო, ძალიან რთული და დროში გაწელილი იქნება. წარმოიდგინეთ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელსაც დამატებით ამდენი საქმე უნდა დაემატოს. როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სულ 38 პოლიციელი ჰყავს აღსრულების ბიუროში. საქართველოს მასშტაბით როგორ უნდა მოახდინონ აღსრულება თან დაუყოვნებლივ? ეს არის წარმოუდგენელი. ჯერ უნდა ჩატარდეს რეფორმები, ბაზრის მონაწილეები და საზოგადოება უნდა დარწმუნდნენ, რომ სასამართლოს და აღსრულების ბიუროს შეუძლია ამის აღსრულება, შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ამაზე. მანამდე ეს იქნება მკვდრადშობილი ნორმა, რომელიც ჩაიწერება კანონში და ვერ შესრულდება ფიზიკურად“,- აღნიშნავს ზურაბ გვასალია.

მისივე თქმით, ცვლილებების წინააღმდეგია არამარტო საბანკო სექტორი, არამედ აღსრულების ბიურო მისი მწირი რესურსების გამო, ასევე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სახალხო დამცველის აპარატი. გვასალიას თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმაც გააგზავნეს წერილი, რომ ისინიც ცვლილებების წინააღმდეგები არიან. ზურაბ გვასალია კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კანონის შეცვლის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ინვესტორის დარწმუნება, რომ მისი საკუთრების უფლებები დაცული იქნება.

„მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან მტკიცებულების ტვირთი მას ეკისრება. როდესაც მე ვარ მესაკუთრე და ჩემს საკუთრებაში უკანონოდ იმყოფება ვიღაცა, მის გამოსახლებას ვაპირებ იქიდან და კიდევ მე უნდა ვამტკიცო სასამართლოში, რომ ეს საკუთრება ჩემია?! ყველაზე ნაკლებად საბანკო სექტორია დაინტერესებული ამ ცვლილებებთან შეწინააღმდეგებით, რადგან ყველაზე ნაკლები გამოსახლებები საბანკო სექტორშია. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშანვს, რომ ცუდ ცვლილებას უნდა დავეთანხმოთ“

– აღნიშნავს ზურაბ გვასალია.

მისივე განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, არსებული კანონის მოქმედების პერიოდში, როდესაც საპოლიციო გამოსახლება დაშვებულია, მხოლოდ 5 საქმე გასაჩირვდა სასამართლოში და არცერთ მათგანზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი. „ანუ 100%-ით ყველა გამოსახლება იყო კანონის სრული დაცვით, რადგანაც შს სამინისტრო ამას უკანონოდ არ გააკეთებდა, რადგან ეს მისი პრობლემა გახდებოდა შემდგომში, თუ გამოსახლებული იჩივლებდა. ყველაფერთან ერთად, შეიძლება ასეთი რამაც მოხდეს: გირაოთი მიეცით ვიღაცას სახლი, ეს გირაო დაუბრუნეთ, გადაიხადეთ და აღარ გამოდის ის ადამიანი სახლიდან. თუ სასამართლოში არ წახვედით, ვერაფრით გამოასახლებთ. მერე დაიწყება მთელი ეს პროცესები. შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ივანე გამოასახლონ. მივა აღმასრულებელი და იქ თუ პეტრე დახვდება, პეტრეს თითს ვერ დააკარებს, რადგან მას ივანეს გამოსახლების შესახებ უწერია განაჩენში“,- აცხადებს ზურაბ გვასალია.

კანონპროექტი საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაზე პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს.

იურისტი დავით კლდიაშვილი აცხადებს, რომ ასეთი ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა დაარტყამს მთელ საკრედიტო ბაზარს, რადგან ის რეალურად არაფერს არ ცვლის – პირის გამოსახლება მაინც დადგება, უბრალოდ, ეს პროცესი დროში გაიწელება.

კლდიაშვილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საბანკო სესხების გაცემის პირობების გართულებასა და საპროცენტო განაკვეთების გაზრდას პროგნოზირებს, რადგან უძრავი  ნივთის ლიკვიდობა მცირდება.

ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ასევე ნეგატიურ შედეგებს ელოდება დეველოპერული ბიზნესი.

კომერსანტი

Share