Home » საზოგადოება » პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს
პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს

პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს

პარლამენტი “სოციალური მუშაობის შესახებ“ სპეციალურ კანონს მიიღებს. საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატების, სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, ლევან ბეჟანიძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, სავალან მირზოევის, დიმიტრი მხეიძის, ანრი ოხანაშვილის, მერაბ ქვარაიას და დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადდა და ინიცირებისთვის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტით დადგენილია სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, რომელიც სოციალურ მუშაკს ავალდებულებს პროფესიული საქმიანობისას დაიცვას შემდეგი ფუნდამენტური საკითხები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკის დაცვა.

პროექტი ადგენს დარგობრივ კომპეტენციას სოციალური მუშაკებისთვის. კერძოდ, სოციალური მუშაკის სპეციალური, დარგობრივი, სოციალური მუშაობა განისაზღვრება როგორც სოციალური მუშაობა ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სფეროში, სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან, სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

პროექტის გათვალისწინებით, სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობებია: დამოუკიდებლობა, ბენეფიციარისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სასამართლოში წარმომადგენლობა, კონფიდენციალურობის ვალდებულება, დოკუმენატაციის წარმოების ვალდებულება, ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, თანამშრომლობის ვალდებულება, ბენეფიცარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება, მიუკერძოებლობა, ინფორმაციის ანალიზი, სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის უფლება – მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა. მაგალითად, სოციალური მუშაობის ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა.

კანონპროექტი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის მიერ შესასრულებელ შემდეგ ღონისძიებებს: პრევენცია, რომლის თანახმადაც, სოციალური მუშაკი აწოდებს ბენეფიციარს შესაბამის სერვისს, როდესაც საფრთხე სახეზე არ არის, თუმცა ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ის დიდი ალბათობით შეიძლება წარმოიქმნას. პრობლემის განსაზღვრა – რაც მოიაზრებს სოციალური მუშაკის ქმედებას, როცა შემთხვევის ანალიზის და შეფასების საფუძველზე, იგი განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირების პრობლემას.
საჭიროების შეფასების ღონისძიება, ემსახურება სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის ინდივიდუალური პრობლემის და არსებული გარემოს სისტემურად შესწავლას, ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე. სოციალური მუშაობის დაგეგმვა – აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უნდა შემუშავდეს იმგვარი გეგმა, რომელიც შეიცავს მიზნებს, აუცილებელ სტრატეგიას და განსაზღვრულ სამოქმედო ეტაპებს. სოციალური მუშაკის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს სოციალური მუშაობის ინდივიდზე მორგებული სამოქმედო გეგმა.

მხარდაჭერის განხორციელების ღონისძიება მიმართულია საზოგადოებაში, ბენეფიციარის სოციალური კომპეტენციის გასაუმჯობესებლად, ბენეფიციარის რესურსებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებისკენ მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

კანონპროქტი ითვალისწინებს სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების შექმნას. პროექტით ასევე განსაზღვრულია სოციალური სამუშაოს გარკვეული ნაწილის დეცენტრალიზაცია. სოციალური მუშაობის რიგი ფუნქციები და ღონისძიებები სწორედ
ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა უნდა განახორციელონ.

Share