Home » ფინანსები » პაპუნა ლეჟავა: დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება

პაპუნა ლეჟავა: დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება

მიუხედავად საგრძნობი შემცირებისა, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პაპუნა ლეჟავას თქმით, ბოლო პერიოდში სესხების ლარიზაცია მზარდია.

„კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა, რამაც ხელი შეუწყო არსებული მოწყვლადობის მნიშვნელოვან შემცირებას. შედეგად, ბოლო პერიოდში სესხების ლარიზაცია მზარდია.

2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 48 პროცენტს მიაღწია. თუმცა, საკრედიტო პორტფელში უცხოური ვალუტის სესხების კვლავ მაღალი წილის ფონზე, დოლარიზაცია არაჰეჯირებული მსესხებლებისა და, ჯამურად, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეულმა გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ბანკები გაზრდილი საკრედიტო რისკის წინაშე დააყენა, რაც უცხოურ ვალუტაში რესტრუქტურიზებული სესხების ზრდაშიც აისახა.

კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით თუ ლარით გაცემულ სესხებში რესტრუქტურიზაციების წილი 8 პროცენტს შეადგენს, უცხოურ ვალუტაში ამ მაჩვენებელმა 23 პროცენტს მიაღწია“,- აღნიშნა ლეჟავამ.

ამასთან, სებ-ის ვიცე პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

„აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების და ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია.

თუმცა, კვლავ ნარჩუნდება გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარების და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – განმარტა პაპუნა ლეჟავამ.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 24 ნოემბერს გაიმართება.

Share