Home » საზოგადოება » პაპუაშვილი – მარტის ბოლოს უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

პაპუაშვილი – მარტის ბოლოს უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი მეორე მოსმენით განიხილეს.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ხარჯები არ იზრდება და კულტურისა და სპორტის სამინისტროზე თანხა იმ ასიგნებების ფარგლებში გამოიყოფა, რომელიც აქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

„მნიშვნელოვანია, რომ კულტურის სფეროს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. დღეს როცა გვაქვს ერთი დიდი სამინისტრო, რომელიც საერთო ჯამში სამ დიდ საკითხს აერთიანებს, ბოლო ორი წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ხელს არ უწყობს ამ სფეროების ეფექტიან მართვას.

იცით, რომ მანამდე ცალკე არსებობდა ეს სამინისტროები და შემდეგ მოხდა გაერთიანება. ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის დიდი სამინისტროს ფარგლებში რთულია სამივე დიდი სფეროს ეფექტიანი მართვა.

ჩვენი გრაფიკის მიხედვით, მესამე მოსმენა იქნება 15 მარტის კვირაში, ასე რომ, მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი, ეს პრემიერ- მინისტრის კომპეტენციას შეადგენს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

Share