Home » ბიზნესი » პანდემიას „ენერგო-პროს“ შემოსავალზე არ უმოქმედია – რამდენი მილიონი ლარის მოგება მიიღო კომპანიამ?

პანდემიას „ენერგო-პროს“ შემოსავალზე არ უმოქმედია – რამდენი მილიონი ლარის მოგება მიიღო კომპანიამ?

სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთმა მსხვილმა ენერგოკომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ პანდემიური 2020 წელი დადებით მაჩვენებლებით დაასრულა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას კომპანიაზე არსებითად არ უმოქმედია.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს „ენერგო-პროს“ შემოსავალმა 79,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0,7 მლნ ლარით (1%) ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით (80,1 მლნ ლარი).

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს „ენერგო პროს“ მოგება 34%-ით შეუმცირდა და 26,5 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წელს კომპანიის მოგება 40 მლნ ლარი იყო. კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, წმინდა მოგების მარჟა წინა წელთან შედარებით შემცირდა წყლის ნაკადის კლების გამო, რაც პირდაპირ აისახა შემოსავალზე.

კომპანიის აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 2020 წელს 235 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა ელექტროენერგიის წარმოებაა. კომპანია მართავს და ამუშავებს საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებს. მათი გენერაციის აქტივები მოიცავს რიონჰესს, გუმათჰესების კასკადს, შაორჰესს, ძევრულა ჰესს, ლაჯანურჰესს, აწჰესს, იორის კასკადს, ჩითახევჰესს, ორთაჭალჰესს, ზაჰესს, ჩხორჰესს და კინკიშაჰესს.

2020 წლის განმავლობაში ხუთი ჰესი – რიონი, გუმათი, ლაჯანური, ძევრულა და შაორი რეგულირებული იყო.

2020 წლის 31 დეკემბრისთვის გაყიდული ელექტროენერგია შეადგენდა 1,395 გიგავატს, რაც გამრავლდა რეგულირებულ და არარეგულირებულ ტარიფებზე. წლის შემოსავალმა 78,5 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანია 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება საქართველოს რეგიონებში.

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ აქციების 100% „ჩეხური ენერგო-პრო ა.ს.“-ს ეკუთვნის.  თავის მხრივ სს „ჩეხური ენერგო-პრო ა.ს.“-ს 100%-იან წილს DK Holding Investments s.r.o. ფლობს. ამ კომპანიის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ ტესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა.

commersant.ge

Share