Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი: ევროკავშირის მხარდაჭერის შეწყვეტას ჩვენს ეკონომიკაზე დამანგრეველი შედეგი ექნება

პაატა ბაირახტარი: ევროკავშირის მხარდაჭერის შეწყვეტას ჩვენს ეკონომიკაზე დამანგრეველი შედეგი ექნება

ეკონომისტი, აფბას ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერების საკითხს „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ სიტუაცია, რომ აქამდე მივიდოდა იმ პირობებში, როდესაც ორგზის შეთანხმებები ჩაიშალა, არავისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება იმას, თუ ევროკავშირიდან ფინანსური დახმარებების შესაძლო შეჩერებას ფისკალურად რა შედეგი მოჰყვება, ბაირახტარი აცხადებს, რომ ქვეყანა ამის გამო საკმაოდ ნეგეტიური შედეგის წინაშე დადგება.

მისი ინფორმაციით, მაგალითად, მხოლოდ Covid 19-ის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირისგან მიღებული აქვს 1.5 მილიარდი ლარის დახმარება. აქედან,ორი მესამედი არის გრანტები. დანარჩენი საკმაოდ დაბალპროცენტიანი სესხებია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხას თუ ერთ სულ მოსახლეზე დავთვლით, ყველაზე მეტი დახმარებაა, რაც კი ევროკავშირმა სხვა ქვეყნებს გაუწია. ამ ყველაფრის ფონზე, ასეთი მხარდაჭერის შეწყვეტას ჩვენს ეკონომიკაზე დამანგრეველი შედეგი ექნება. მითუმეტეს, ახლა თუ მიდის განხილვები, რომ დაწესდება თუ არა მესამე ლოქდაუნი და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო დახმარებების იმედად შეიძლება განიხილებოდეს.

ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვან დანაკარგს მიიღებს. თუ ახლა ევროკავშირმა დახმარება შეგვიწყვიტა, არ გამოვრიცხოთ ამას მოყვეს აშშ-ის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები, ეს უკვე ჩვენთვის კოლაფსის ტოლფასი იქნება“-აცხადებს ბაირახტარი.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტარებმა საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და ფინანსური დახმარების შეჩერება არ გამორიცხეს.

business-partner.ge

Share