Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი: აცრების მაჩვენებელი ადასტურებს, რომ „მწვანე პასპორტის“ ამუშავებამ შედეგი ვერ მოგვცა

პაატა ბაირახტარი: აცრების მაჩვენებელი ადასტურებს, რომ „მწვანე პასპორტის“ ამუშავებამ შედეგი ვერ მოგვცა

რა შედეგები გამოიღო კოვიდპასპორტის შემოღებამ? შეგახსენებთ, რომ ეს მექანიზმი საქართველოში გასული წლის 1 დეკემბრიდან მოქმედებს. მისი პირობები მსოფლიოში მოქმედი ანალოგიური საშვებისგან განსხვავდება და უნიკალურია: აუცრელი, თუმცა კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. სხვა ქვეყნებში მოქმედი ანალოგიური საშვებისგან განსხვავებით, არ აქვს მნიშვნელობა, როდის გადაიტანა ადამიანმა კოვიდ-19.

ობიექტები, რომლებზეც რეგულაცია ვრცელდება, არის: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზები; რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

კოვიდრეგულაციების აღსრულებას შრომის ინსპექცია აკონტროლებს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებებით. პროცესში ასევე მონაწილეობენ შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. თუ კომპანია სისტემურად არღვევს კოვიდ-საშვის წესს და ამაზე არსებობს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. რაც შეეხება სანქციებს: ინდმეწარმის შემთხვევაში ჯარიმა 2 ათასი ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 10 ათასი ლარია დაწესებული. თუმცა ეს – ფურცელზე. რეალურად კი საზოგადოებისთვის დაჯარიმების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ კოვიდპასპორტი მისაღები და აუცილებელი მექანიზმია, თუმცა ის საქართველოში არასწორი ფორმით განხორციელდა. „როგორც კონცეფცია „მწვანე პასპორტების“ საკითხი ცუდი არ არის. მით უფრო ისეთ საზოგადოებაში, სადაც ძალიან ძლიერია ანტივაქსერული განწყობები. მაგრამ სამწუხაროდ როგორც ამ კოვიდ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ბევრი საკითხი, ესეც არასწორი ფორმით განხორციელდა. ვგულისხმობ იმას, რომ ამ პასპორტების მიზანს უნდა წარმოადგენდეს აუცრელი მოსახლეობის მოტივაცია, რომ მათაც გაიკეთონ აცრა და გადაინაცვლონ უსაფრთხო სეგმენტში.

მაგრამ ჩვენთან ეს პირიქით მოხდა, „მწვანე პასპორტები“ ავამუშავეთ, მაგრამ დავტოვეთ დიდი ლუფტი, რომ ადამიანებს აცრის გაკეთების სტიმული და მოტივაცია არ გაუჩნდეთ. პრაქტიკულად ამ ადამიანებს მივანიშნეთ, რომ თუ აცრას არ გაიკეთებ, არაუშავს, სხვა გამოსავალიც არსებობს. ცხადია მსგავსი მიდგომა არ და ვერ იმუშავებდა და ეს გამოჩნდა კიდეც კოვიდსტატისტიკაში. მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 60% აუცრელია, კოვიდ პასპორტების ამუშავებიდან ერთი კვირის თავზე ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 9 000 აცრას არ აღემატებოდა. ეს ძალიან მცირე მონაცემია და აჩვენებს, რომ ე.წ. „მწვანე პასპორტების“ ამუშავებამ რეალური შედეგი ვერ მოგვცა,“-განაცხადა ბაირახტარმა.

ეკონომისტმა იმ სქემაზეც ისაუბრა, რომელიც ბიზნესისთვის უფრო ეფექტიანი იქნებოდა და ვაქცინაციის ტემპსაც წაახალისებდა.

„ჩვენ მთელი ქვეყანა გავაჩერეთ იმის გამო, რომ ადამიანები არ იყვნენ აცრილები, თანაც ეს ორჯერ გავაკეთეთ. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი ნაბიჯი იყო. აქ უკვე ისეთი ქმედითი მექანიზმები გჭირდება, რომელიც ვაქცინაციის ტემპს რეალურად წაახალისებს. არავინ საუბრობს სავალდებულო ვაქცინაციაზე, მაგრამ თუ ვაქცინაციის ისეთი დონის მიღწევა გვსურს, რომ ბიზნესს სრულად და შეუზღუდავად მიეცეს მუშაობის უფლება, იმაზე ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯებია საჭირო, ვიდრე არსებული „კოვიდ პასპორტების“ მოდელია. ამ პასპორტების დაანონსების პარალელურად რომ ხელისუფლებას სქემა გაეწერა, თუ როდის სად გახდებოდა პასპორტების წარდგენა საჭირო, დაწყებული მოლებით და დამთავრებული ტრანსპორტით, და ეს გონივრულ ვადებზე ყოფილიყო გათვლილი, დამერწმუნეთ, დღეს ვაქცინაციის ტემპი 3-4-ჯერ მეტი იქნებოდა არსებულ მაჩვენებელზე. აღარაფერს ვამბობ უვადო კოვიდ პასპორტებზე, ეს უფრო მედიკოსების კომპეტენციაა, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც დიდი „ლუფტია“, რომელიც ადამიანებს ვაქცინის გაკეთებისკენ ნამდვილად არ უბიძგებს“,-ამბობს ბაირახტარი.

წყარო: jandacva.ge

Share