Home » საზოგადოება » ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება

ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება

“უკვე სამი თვეა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად ეტყობა გაუმჯობესება, რასაც ეკონომიკური ზრდის შეფასება მაჩვენებლებიც ამყარებს. ივნისის თვეში რეალური ზრდა 18.7% დაფიქსირდა. ხოლო პირველი 6 თვის ზრდის ტემპმა 12.7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მაღალია. სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 7.7%-ს შეადგენს.

განსაკუთრებით ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 2021 წლის ივნისის თვის მაჩვენებელი არა მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე მაღალია, როცა პანდემიიდან გამოწვეული ვარდნა იყო, არამედ 9%-ზე მეტით აჭარბებს 2019 წლის ივნისის თვის მაჩვენებელსაც,“ – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.

ექსპერტის თქმით, 37.5%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 13.3%-ით გაიზარდა. სექტორულად თუ განვიხილავთ ზრდა დაფიქსირებულია პრაქტიკულად ყველა დარგში. მათ შორის, დიდი წვლილი შეიტანა საგარეო ვაჭრობის ბრუნვის გაუმჯობესებამ.

2021 წლის ივნისის თვეში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სადაც წმინდა ექსპორტი 33.7%-ით არის გაზრდილი და 257 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 19.3%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები და 202 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ცალსახაა, რომ საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7.7%-მდე გაზარდა საქართველოს ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებელი და უნდა ითქვას, რომ შემდეგ თვეებშიც ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში საპროგნოზო მაჩვენებლებმა და რეალური ზრდის ტემპმაც შესაძლებელია გადააჭარბოს ორნიშნა მაჩვენებელს.“ – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

Share