Home » საზოგადოება » ორმაგი სტანდარტები კორუფციასთან ბრძოლის პროცესში – „ელიტები“ წყლიდან მშრალად გამოდიან
ორმაგი სტანდარტები კორუფციასთან ბროლის პროცესში - „ელიტები“ წყლიდან მშრალად გამოდიან

ორმაგი სტანდარტები კორუფციასთან ბრძოლის პროცესში – „ელიტები“ წყლიდან მშრალად გამოდიან

2019 წელის პირველ 6 თვეში ქრთამის აღების შემთხვევები საჯარო სექტორში 56%-ით გაიზარდა

კორუფციაზე საუბარი და შესაძლო კორუფციული გარიგებების არსებობა პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი პროცესია. ამ მიმართულებით გამონაკლისი არც ქართული რეალობაა. გახმაურებული შესაძლო კორუფციული საქმეებიდან, განსაკუთრებით გამოსარჩევია ინფრასტრუქტურის სექტორში არსებული სატენდერო კონტრაქტები, რომელსაც უახლოეს წარსულში მაღალჩინოსნების გათავისუფლებაც კი მოჰყვა.

კორუფციული გარიგებების ნიადაგზე ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელის პირველ 6 თვეში 56%-ით არის გაზრდილი ქრთამის აღების შემთხვევები საჯარო სექტორში, ხოლო კრიმინალის სტატისტიკამ 19.3%-ით მოიმატა.

კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ცხელი თვე გამოდგა ნოემბერი. ნოემბრის თვეში საქართველოს რეგიონებში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს, კერძოდ ქობულეთსა და ფოთში.

უფრო კონკრეტულად, ფოთში საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს, რომელთაგანაც, 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ერთი ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულიაა.

უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

რაც შეეხება ქობულეთს, ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა – რომელთაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობა და კონტროლი ევალებოდათ – ობიექტზე არსებულ დარღვევებზე იგნორირების სანაცვლოდ თანხა მოსთხოვეს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს:

“ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით”.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

ეს მხოლოდ მიმდინარე თვის მონაცემებია, თუმცა, გასულ თვეებში კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ასევე იქნენ დაკავებულნი ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სხვა.

კორუფციასთან ბრძოლა ძირითადად დაბალ რგოლებში მიმდინარეობს. ჯერ კიდევ გაუხსნელია ის სკანდალური შესაძლო კორუფციული გარიგებების შემთხვევები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეხებოდა. თუმცა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ორმაგი სტანდარტი მიუღებელია და კორუფციას ყველა რგოლზე უნდა ებრძოლო.

საინტერესოა ისიც, თუ სად არის საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

მსოფლიოს ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც უკავშირდება “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” (World Governance Indicators) შეფასებას, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს კორუფციის კონტროლის მიხედვით.

კერძოდ, საქართველომ აღნიშნულ რეიტინგში 67-ე ადგილიდან 50-ე ადგილზე გადაინაცვლა და შევიდა ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილით, რაც საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია და ამ პოზიციით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტსსაბჭოთა სივრცეშიც კი, სადაც მხოლოდ ესტონეთს აქვს უკეთესი პოზიცია.

პროგრესი როგორც ლოკალური შედეგებით, ასევე, გლობალური საერთაშორისო რეიტინგების მიხედვითაც, სახეზეა. გამოწვევად კი მაღალი რგოლის მმართველობობაში არსებული შესაძლო კორიფციული გარიგებების მხილება და უკვე დაწყებული საქმეების გამოძიების ბოლომდე მიყვანაა, რისი დაბრალებაც გამომძიებელი სტრუქტურების არასათანადოდ მუშაობას შესაძლოა მივაწეროთ, ანდაც უარესი – ლობიზმის და ორმაგ სტანდარტს, რომლითაც კონკრეტული პირები ახერხებენ წყლიდან მშრალად გამოსვლას.

ცნობისთვის, წლიდან წლამდე სახელმწიფო მოხელეების დანაშაულში მხილების სტატისტიკა დიდად არ იცვლება და 400-დან 600 შემთხვევამდე მერყეობს.

მეტიც, ზოგჯერ წინა წლის მონაცემს ემთხვევა: 2015 წელს სამოხელეო დანაშაულის 592 შემთხვევა აღინუსხა, 2016-2017 წლებში – ორივეჯერ 503, 2018 წელს 645 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო წლევანდელ 9 თვეში – 453.

სანდრო პირველი

Share