Home » ბიზნესი » ონლაინ ტოტალიზატორები, შესაძლოა, გაითიშოს

ონლაინ ტოტალიზატორები, შესაძლოა, გაითიშოს

“გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი,” – ამის შესახებ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მამულაიშვილმა სექტორის პოზიცია დააფიქსირა.

“დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ გაცხადებული ცვლილებები უდიდეს უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სპორტი, მედია, ტელეკომუნიკაცია, ფინანსური და აიტი სექტორი. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა, როგორც სათამაშო ბიზნესის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში, რაც კრიტიკულია იმ პირობებში, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია. საუბარია ათასობით დასაქმებულსა და ათეულობით ათას მათზე დამოკიდებულ ადამიანზე. 

დამატებით, სახელმწიფოს მხრიდან არაპროგნოზირებადი, გაუაზრებელი საკანონმდებლო ინიციატივები და განცხადებები არსებითად აუარესებს ქვეყნის იმიჯს, საინვესტიციო გარემოს და ნეგატიურად აისახება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგანგაშოა უცხოური კომპანიების მიერ დივიდენდის სახით განაწილებული მოგების ოდენობის თაობაზე მცდარი მონაცემების გაჟღერება და ასეთი კომპანიების მხრიდან საკუთარი უფლების გამოყენების ბრალდების სახით წარმოჩენა. რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ სრულიად უგულებელყოფილია ბიზნესის მიერ განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკაზე. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სათამაშო ბიზნესი მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას გონივრული რეგულაციების დანერგვის მიმართ, რისი მაგალითიც არის ბიზნესის აქტიური ჩართულობით 2005 წლიდან დღემდე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული არაერთი ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში როგორც სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, ისე საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ონლაინ ოპერატორი კომპანია აქტიურად იყო ჩაბმული. სწორედ სათამაშო ბიზნესის სექტორის აქტიური მონაწილეობის შედეგია ის, რომ მოხდა საქართველოში სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა და დასავლურ გამოცდილებასთან მიახლოება”, – განაცხადა მამულაიშვილმა.

GGA-ს განცხადების სრული ტექსტი.

Share