Home » საზოგადოება » ონლაინ სესხით სარგებლობის გამო, ბანკმა შესაძლოა არასანდო კლიენტად მიგიჩნიოთ
ონლაინ სესხით სარგებლობის გამო, ბანკმა შესაძლოა არასანდო კლიენტად მიგიჩნიოთ

ონლაინ სესხით სარგებლობის გამო, ბანკმა შესაძლოა არასანდო კლიენტად მიგიჩნიოთ

სწრაფი ონლაინ სესხის აღება დღეს თითქმის ყველას შეუძლია. მომხმარებელთა უმეტესობა ასეთი სესხის გამცემ ორგანიზაციებს მარტივი პროცედურების გამო მიმართავს.

თუმცა ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სწრაფი ონლაინ სესხით სარგებლობის გამო, შესაძლოა ბანკისთვის არასანდო კლიენტად იქცეთ და ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ კეთილსინდისიერი გადამხდელი ხართ.
ბოლო დროს, სოციალურ ქსელშიც ხშირად შეხვდებით მომხმარებლების მიერ გაკეთებულ “სტატუსებს”, სადაც წერენ, რომ სწრაფი ონლაინ სესხით რამდენჯერმე სარგებლობის გამო, ბანკმა სესხის რესტრუქტურიზაციაზე უარი განუცხადა. მიზეზად კი კლიენტის არასანდოობა დაასახელა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მომხმარებლები არც საკუთარ ვინაობას მალავენ და ბანკსაც ასახელებენ. თუმცა ისევ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ, როგორც ბანკის, ასევე ასეთი “სტატუსების” ავტორების ვინაობის დასახელებისგან.

“მეგობრებო, გაფრთხილდით! ისე შეიძლება გაგიფუჭდეთ ბანკში საკრედიტო ისტორია და შავ სიაში აღმოჩნდეთ, რომ აზრზეც არ იყოთ! თან, ხომ არ იცით: თუ არსებობს კანონი ან რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც წერია, რატომ შეიძლება ბანკმა კლიენტს უარი უთხრას? თუ ეს ბანკის ხუშტურზეა? ვინმე ან რამე საერთოდ თუ იცავს საქართველოში კლიენტის/მომხმარებლის უფლებას? მოკლედ, უკვე ბევრი წელია, ერთი ბანკის კლიენტი ვარ. ამ ბანკში მერიცხება ხელფასი. ერთ-ერთ ბანკში აღებული მაქვს სესხი, პრაიმქარდი, განვადება, ამდენი წლის მანძილზე, სესხის თუ განვადების დაფარვისას, არც ერთი დღე არ გადამიცილებია არასდროს. 1 კვირის წინ, ბანკში სესხის რესტრუქტურიზაციის თხოვნაზე უარი მითხრეს.

მიზეზად ჯერ მითხრეს, არ ვიცითო, მერე – შემოსავლებში ვერ ჩაჯექითო. სახელფასო ცნობის მიტანის შემდეგ კი მითხრეს, საკრედიტო ისტორია გქონიათ საშინელ მდგომარეობაში, ფაქტიურად შავ სიაში ხართ და იმიტომო. თქვენ ონლაინ სწრაფი სესხი აგიღიათ ამ ზაფხულს და ამიტომ ჩვენთვის არასანდო კლიენტად ითვლებითო. სესხი დაფარული კი გაქვთ, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვისო; თვითონ ის ფაქტი, რომ თქვენ მაგათ მიმართეთ, უკვე გაქცევთ უპასუხისმგებლო და არასანდო კლიენტად ჩვენისთანა სერიოზული ბანკისთვისო. ჩვენთან და მხოლოდ ჩვენთან უნდა მოსულიყავით ნებისმიერ სიტუაციაშიო. რატომ არ აფრთხილებთ ან მანამდე და ან თუნდაც მერე თქვენს კლიენტებს-მეთქი და, – ასე მითხრეს, არც წინასწარ და არც შემდეგ ბანკს კლიენტის გაფრთხილების ვალდებულება არ აქვსო. ამაოდ გაპროტესტების მერე ვიკითხე, ამ მიუტევებელ ცოდვას აწი რა ეშველება-მეთქი.

მიპასუხეს, – ნუ, ახლა ეს მთლად ისეთი მიუტევებელი ცოდვა არაა. რამდენიმე თვე არ გაეკაროთ მაგათ და მერე თქვენი საკითხი შეიძლება გადაიხედოსო.

არ დაგავიწყდეთ, რესტრუქტურიზაცია ვითხოვე, ანუ უკვე აღებული ვალდებულების ჩემთვის შედარებით მოსახერხებელი პირობებით შესრულება (დაფარვის ვადის გაზრდა ცოტათი)”, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

შეიძლება თუ არა კლიენტს სესხის აღების, ან მისი რესტრუქტურიზაციის დროს შეექმნას პრობლემები მხოლოდ იმის გამო, რომ მან ისარგებლა სწრაფი ონლაინ სესხით? – ამ კითხვით bpn-მა საქართველოში მოქმედ ორ ბანკს მიმართა. ბანკებმა პასუხი ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგვცეს.

“საქართველოს ბანკში” განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს კარგი საკრედიტო ისტორია აქვს, მხოლოდ ონლაინ სესხის გამო პრობლემა არ ექმნება.

“ცხადია სესხის გაცემისას “საქართველოს ბანკი” მომხმარებლის ვალდებულებებს ითვალისწინებს და უპირატესობა ენიჭება მათ, ვისაც დადებითი საკრედიტო ისტორია აქვს. რაც შეეხება სესხის რესტრუქტურიზაციას, მათ ვისაც სესხის დაფარვის კუთხით ექმნება პრობლემა, შეუძლია მიმართოს “საქართველოს ბანკის” ნებისმიერ სერვისცენტრს, ამის შემდეგ ბანკი განიხილავს მომხმარებლის ვალდებულების რესტრუქტურიზაციის საკითხს”, – გვიპასუხეს ” საქართველოს ბანკიდან”.

ჩვენი არა ერთი მცდელობის მიუხედავად, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს “თიბისი ბანკში”.

არის თუ არა კლიენტი დაცული კერძო ბანკების მსგავსი მიდგომისგან, ამ კითხვით “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს მივმართეთ.

“საკითხი შეიძლება ორი კუთხით განვიხილოთ. თუ ადამიანი სისტემატურად იღებს სწრაფ ონლაინ სესხს, მათ ყოველთვიურად უწევთ გადახდა გარკვეული თანხის. შესაძლოა ეს ფაქტორი გაითვალისწინეს ბანკებმა. ანუ, თუ პირი სისტემატურად მიმართავს ონლაინ სესხების კომპანიებს, მაშინ მას შესაძლოა პრობლემა ქონდეს ფინანსური და შესაბამისად ბანკი შეიძლება სწორედ ამას აქცევდეს ყურადღებას.

თუმცა თუ პირს ერთი ან ორი სესხი ჰქონდა სწრაფი ონლაინ სასესხო კომპანიიდან აღებული და ეს დაფარა, მაშინ ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება და პირიქით, ბანკისთვის კეთილსინდისიერ გადამხდელად ითვლება.
ბანკები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. ასევე კანონით კომერციული ბანკების შესახებ. იქ არის გარკვეული მინიშნებები რისკებისა და რისკ ჯგუფების შესახებ. თუმცა როგორც წესი, ყველა ბანკი თვითონ ადგენს თუ რა სტანდარტით უნდა გასცეს სესხი. თუ ბანკმა ჩათვალა რომ სწრაფი ონლაინ სესხის მომხმარებელი მისთვის პოტენციურად სარისკოა შეიძლება არ მისცეს, თუმცა კლიენტს შეუძლია სხვა ბანკს მიმართოს”. – ამბობს გიორგი კეპულაძე.

ჯონი პატარკაციშვილი
bpn.ge

Share