Home » ბიზნესი » ონლაინ ბიზნეს რეგისტრის განახლებული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ონლაინ ბიზნეს რეგისტრის განახლებული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ონლაინ ბიზნეს რეგისტრის განახლებული პორტალის პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

როგორც ინფორმაციაში აღნიშული, ონლაინ ბიზნეს რეგისტრის განახლებული პორტალი საქართველოში რეგისტრირებული მოქმედი საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას იძლევა. პორტალის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა: ეკონომიკური სუბიექტის ფაქტიური და იურიდიული მისამართი, ინფორმაცია დამფუძნებლებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების შესახებ, ნახოს კავშირი სხვადასხვა კომპანიების მესაკუთრეებსა და დამფუძნებლებს შორის და სხვა.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, რეგისტრი ნებისმიერ მომხმარებელს საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაჯგუფებას და ანალიზს გაუმარტივებს.

„ბიზნეს რეგისტრი ქვეყნის მთავარი კომპლექსური რეგისტრია, რომელშიც იდენტიფიკაციის ერთიანი პრინციპების საფუძველზე დაფიქსირებულია ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, იგი შეიცავს რეგლამენტირებულ ცნობებს ყველა სუბიექტის შესახებ.

„საქსტატის“ მიერ მომზადებული ახალი პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, ბიზნესისა და ბიზნესოპერატორებისთვის. პირველ რიგში იძლევა სრულ და ამომწურავ სურათს საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ. კომპანიებს შეეძლებათ პარტნიორების მოძებნა, მათ შორის გეოგრაფიული განფენილობის შესაბამისად. პორტალი საფინანსო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს კონკრეტული კომპანიების შესახებ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია“, – განაცხადა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ასევე, ონლაინ ბიზნეს რეგისტრის პორტალი მოიცავს ინფორმაციას ეკონომიკური სუბიექტის ძირითადი საქმიანობის სახის NACE Rev.2 კლასიფიკატორის მიხედვით, როგორც ქვეყნის დონეზე, ასევე რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში.

Share