Home » ეკონომიკა » „ონლაინ აზარტული სექტორის აკრძალვით მთავრობა მაქსიმუმს ითხოვს, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილება გონივრული რეგულაციების შემოღება იქნება“

„ონლაინ აზარტული სექტორის აკრძალვით მთავრობა მაქსიმუმს ითხოვს, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილება გონივრული რეგულაციების შემოღება იქნება“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივამ ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირების მოსალოდნელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. იმაზე, რომ სფერო მოსაწესრიგებელია და დღეს არსებული ვითარება დიდი რისკების, მათ შორის როგორც ფულის გათეთრების, ისე ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი – სოციალური რისკების შემცველია, ყველა თანხმდება. მოსალოდნელი ფორმები და ფორმატები აზრთა სხვადასხავობას იწვევს. „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა ბაჩანა ჯინჭარაძემ არსებული ვითარება და პრემიერის ინიციატივა შეაფასა. მან ასევე ვრცლად მიმოიხილა სფეროში არსებული ევროპული გამოცდილება.

– საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ აზარტული თამაშების სექტორისათვის ახალი თამაშის წესების შემოღება დააანონსა. საუბარია, პირველ ეტაპზე, რეკლამის აკრზალვასა და გადასახადების გაზრდაზე (იგულისხმება მოსაკრებელი, ანუ არაპირდაპირი გადასახადი), ხოლო შემდგომში ონლაინ აზარტული პლატფორმების  საერთოდ აკრძალვაზე. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ მიდგომას?

– აზარტული თამაშების სექტორის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მხრიდან სხვადასხვა დროს ისმოდა მოთხოვნა მის სრულ აკრძალვაზე. მე ამ მიდგომას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, აზარტულთამაშებს, მათ შორის, ონლაინ აზარტულ თამაშებს სჭირდება სწორი რეგულირება და არა სრულად აკრძალვა.

მისი აკრძალვის შემთხვევაში,ამ სექტორიდან გამოწვეული სოციალური პრობლემები, რომელზეც მიდის აპელირება, არ მოგვარდება და არანაკლებად იჩენს თავს სამომავლოდ. როდესაც რაღაცას ვერ არეგულირებ, საკითხის “მოგვარების” ყველაზე მარტივი გამოსავალია მისი აკრძალვა. აკრძალვით კი ისევ დავუბრუნდებით ე.წ. “ხელზე გამაზვების” იატაკქვეშეთში  გადანაცვლების და მის მსგავს მავნე პრაქტიკას, რადგან კონკრეტულ პროდუქტზე/სერვისზე სადაც არის მოთხოვნა, მიწოდებაც იქვე ჩნდება.

მსოფლიო სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების დეკრიმინალიზების გზით, რიგ შემთხვევებში კი საერთოდაც ლეგალიზების გზით მიდის. რაც აქამდე მაინც არსებობდა, მაგრამ ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი იყო, გამოდის მზის სინათლეზე და კანონის ჩარჩოებში ექცევა. მაგალითად, სამედიცინო და რეკრიაციული მარიხუანას სექტორიც იკმარებს. ციფრული სამყაროს განვითარების პარალელურად, იქმნება სრულიად ახალი მიმართულებებიც. მაგალითად, კრიპტოვალუტები. კიდევ ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.

აზარტული თამაშების სექტორიც დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილოვანი ეკონომიკის დიდი ნაწილი იყო და მისი აკრძალვით დავბრუნდებით უკან,  ეტაპზე,  რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და მსოფლიოს დანარჩენმა ქვეყნებმაც უკვე გაიარა.

ვფიქრობ, გადასახადის ზრდის ნაწილში, აქცენტი სწორია. აქეთკენ მიდის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე კარგა ხანია. მათ სურთ, რომ სარგებელი გაცილებით მეტი იყოს ამ სფეროსგან, ვიდრე ზიანი. სწორედ ამიტომ, გადასახადების დაწესების და სხვადასხვა საკანონმდებლო ფილტრების გაჩენით, კანონმა უნდა უზრუნველყოს სექტორის კანონიერ ფარგლებში ოპერირების საშუალება და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაც ამავდროულად.

თუმცა, ზოგადად, არ ღირს მხოლოდ ემოციურ ფონზე და ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ფართო მასაზე გათვლილი კონკრეტული ინიციატივების გაჟღერება. საჭიროა საზოგადოებას ზუსტი სურათი დაანახო და ამაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პოპულიზმი გამოდის.

– რამდენად წაადგება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა აზარტდამოკიდებულების შემცირებას?

– ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება რეკლამა. ეს არის კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან და საკუთარი თავისა და არსებული შესაძლებლობების გაცნობა კომპანიების მხრიდან.

რაც შეეხება რეკლამის აკრძალვას, გულწრფელად რომ ვთქვა, არც მე მომწონს ყველა შესახვევში, კორპუსზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სასწავლო დაწესებულებებთან, შეუზღუდავად ტელევიზიებში მათი გაშვება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – ეს სექტორი სოლიდურად აგენერირებს თანხებს სარეკლამო ბაზარზე და აქაც საჭიროა სწორი რეგულირება.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2020 წელს ტელევიზიით, აზარტული თამაშების სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 153 868 894 ლარი, რაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლებია მედიისთვის. აქაც საჭიროა სწორი რეგულირება და არა სრულად აკრძალვა.

აფბას აქვს ინიციატივა, რომ რეკლამისას დაწესდეს საათობრივი ზონები (მაგალითად, როგორცაა ალკოჰოლზე) და გეოგრაფიული არეალების ზღვრული ნორმები, რომელიც იქნება მკაცრად ადმინისტრირებული.

 – თქვენ ახსენეთ, რომ მსოფლიო სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების დეკრიმინალიზებისა და რიგ შემთხვევებში ლეგალიზების გზით მიდის. რა ხდება ამ მხრივ იგივე ევროპულ ქვეყნებში, არის თუ არ იქ მსგავსი აკრძალვები, იგივე რეკლამის კუთხით და ზოგადად როგორია პრაქტიკა?

– მიუხედავად იმისა, რომ ევროპა განიხილება „ერთ სახელმწიფოდ“ ეკონომიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით და გარკვეულწილად რეგულირდება ევროკავშირის მიერ მიღებული კანონმდებლობით, ცალკეული ქვეყნები მაინც პასუხისმგებელნი არიან საკუთარი კანონების მიღებაზე. ეს განსაკუთრებით ეხება აზარტული თამაშების ინდუსტრიას, რადგან არ არსებობს კანონმდებლობა ან რეგულაცია, რომელიც სტანდარტიზებს ფსონებსა და თამაშებს მთელ ევროპაში.ევროკავშირის ქვეყნები იმდენად არიან ავტონომიურები აზარტული თამაშების სერვისების ორგანიზებით, რამდენადაც ისინი შეესაბამება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებით (TFEU) დადგენილ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორც ეს არის განმარტებული ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს მიერ.

ჩვენი ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“,  წლებია უკვე ამ სექტორის საქმიანობას იკვლევს და აქტიურადაა ჩართული აზარტული თამაშების უფრო უკეთ რეგულირების საზოგადოებრივ საინიციატივო ჯგუფებში. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ ევროპის ბაზრის კვლევა და ვეცდები რამდენიმე, წამყვანი ევროპული ქვეყნის მაგალითები მოვიყვანო. თუმცა, საკითხის რეზუმირების კუთხით, ტენდენცია შემდეგია – მეტი ფინანსური სარგებელი ქვეყნის ბიუჯეტს, ისე, რომ საზოგადოებრივი ინტერესიც არ იქნას დაზიანებული.

დავიწყოთ დიდი ბრიტანეთით, გაერთიანებული სამეფოს აზარტული თამაშების კომისია (UKGC) ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია აზარტული თამაშების რეგულაციების მხრივ ევროკავშირში. მათ, 2020 წელს განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფოს აზარტული მოთამაშეები ხარჯავენ 14,5 GBP მილიარდს წელიწადში და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ადრე, კანონის ცვლილებამდე, მოთამაშეებს შეეძლოთ ფსონის დადება 100 GBP-მდე შერეულ ფსონებზე ტერმინალების საშუალებით. ახლა ის შემოიფარგლება მაქსიმუმ 2 GBP თითო შერეულ ფსონებზე. ასეთმა მიდგომამ, 1 წელში ბრიტანელების მიერ აზარტულ თამაშებში დახარჯული თანხები თითქმის 3-ჯერ შეამცირა. ამ ნაბიჯმა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საბუკმეიკერო კომპანია „უილიამ ჰილი” აიძულა დაეხურა დაახლოებით 700 საკუთარი საბუკმეიკერო. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურვის მიზეზად ამ ახალი რეგულაციებით გამოწვეული მოგების დაკარგვა მიიჩნიეს. ბევრი კაზინო და ტოტალიზატორი დაზარალდა დიდი ჯარიმებით UKGC-სგან (გაერთიანებული სამეფოს აზარტული თამაშების კომისია) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მარეგულირებელმა ნაბიჯები გადადგა ინდუსტრიის ყველაზე დიდი სახელების წინააღმდეგაც კი, რათა დაამტკიცოს თავისი ავტორიტეტი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ყველაზე გამორჩეულია აზარტული კომპანიებიდან, რომლებიც სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს სათამაშო კომისიის მიერ, არის Ladbrokes Coral Group. კომისიამ დაავალა ოპერატორს გადაეხადა 5.9 მილიონი ფუნტი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევისთვის.

გერმანიაში აზარტული თამაშების შესახებ კანონები გარკვეულწილად რთულია და წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. 2008 წელს შემოღებულ იქნა კანონმდებლობა, რომელმაც ფაქტობრივად აკრძალა ონლაინ თამაშებისა და ფსონების ყველა ფორმა, გარდა დოღის ფსონებისა და სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულებისა.

„ევროპის სათამაშო და ფსონების ასოციაციამ “ (EGBA) გამოიწვია ეს კანონმდებლობა და განაცხადა, რომ ის არღვევდა ევროკავშირის წესებს. 2010 წელს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ინდუსტრია მონოპოლიზებულია გერმანიაში და უნდა გამხდარიყო უფრო ლიბერალური.

2012  წელს აზარტული თამაშების კერძო კომპანიებს უფლება მიეცა მიეწოდებინათ აზარტული თამაშების ზოგიერთი სერვისი. შედეგად, გერმანიის ყველა შტატში, გარდა ერთისა, შლეზვიგ ჰოლშტაინისა, რომელმაც მიიღო საკუთარი კანონმდებლობა, რომელიც კიდევ უფრო ლიბერალური იყო,  აზარტული თამაშების ზოგიერთი სერვისი ხელმისაწვდომი გახდა.

აღნიშნული კანონმდებლობა, 2013 წელს, გააუქმა ახლადარჩეულმა მთავრობამ, მაგრამ შლეზვიგ ჰოლშტაინში ადრე გაცემულ ლიცენზიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ რამდენიმე წელი დარჩენილი. ბევრი ოპერატორი ფლობს ამ ლიცენზიას, რადგან გერმანია არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სათამაშო ბაზარი.

ესპანეთმა ბოლო წლებში რამდენჯერმე შეცვალა აზარტული თამაშების კანონმდებლობა. უახლესი ცვლილებები ძალაში შევიდა 2012 წელს, როცა ოპერატორებს რეგიონში საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში მიეცათ. ამ დროისთვის, ესპანეთის მაცხოვრებლებისთვის ლეგალურია ფსონის დადება და თამაში ქვეყანაში ლიცენზირებულ ნებისმიერ საიტზე. ბევრმა უმსხვილესმა და ყველაზე ცნობილმა ბრენდმა, როგორიცაა Bet365  და WilliamHill, გამოყო ესპანური საიტები ფსონების, პოკერისა და აზარტული თამაშების სხვა ფორმებისთვის.

ბელგია აზარტულ და ონლაინ აზარტულ თამაშებთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო ევროპის ქვეყნებს შორის.

მთელ ბელგიაში იკრძალება ტელევიზიით ონლაინკაზინოს თამაშების რეკლამა. სლოტები განიხილება, როგორც აზარტული თამაშების ხელშეწყობა. სპორტული ფსონების რეკლამა კვლავ დაშვებულია, მაგრამ მკაცრად შეზღუდულია. კერძოდ, სპორტული ფსონების რეკლამები არ შეიძლება ნაჩვენები იყოს პირდაპირ სპორტული გადაცემების დროს, თუმცა ისინი ნებადართულია ღონისძიებების დაწყებამდე და მის დროს.

ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასთან  შედარებით, იტალიაში აზარტული თამაშების მარეგულირებელი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია. 2006 წელს, იმ დროს, როდესაც ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი აწესებდა ან ზრდიდა შეზღუდვებს აზარტულ თამაშებზე, იტალიამ შემოიღოკანონმდებლობა, რომელიც კომპანიებს აძლევდა უფლებას უზრუნველეყო სპორტული ფსონების მომსახურება როგორც ადგილებზე, ასევე ინტერნეტით. ამ კანონმდებლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, მათ შორის ერთი 2011 წელს, რომელიც ლიცენზიანტებს საშუალებას აძლევდა მომხმარებლებისთვის მიეწოდებინა პოკერი და კაზინოს თამაშები.

შედეგად, იტალიელებს აქვთ ლიცენზირებული საიტების ფართო არჩევანი, რომლებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ აზარტული თამაშების რამდენიმე სხვა ფორმასაც. იტალიის აზარტული თამაშების შესახებ კანონების ამ განახლებამ ონლაინ სათამაშო კომპანიებს საშუალება მისცა, აეთვისებინათ იქაური ბაზარი. არ დაგვავიწყდეს, რომ იტალიაში 60 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც მას ევროკავშირში მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქვეყნად აქცევს. იტალიელი მოთამაშეები არ იბეგრებიან თავიანთ მოგებაზე. სამაგიეროდ, ოპერატორები იბეგრებიან შემოსავლებზე გადასახადებისა და ლიცენზირების მოსაკრებლების მეშვეობით.

იტალიაში ონლაინ და ფიზიკურ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიუხედავად, აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვა მაინც მოხდა. იტალიის რეკლამისა და კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ – Autoritàperle Garanzienelle Comunicazioni (AGCOM)  დაადასტურა, რომ პირდაპირი და ირიბი რეკლამა, სპონსორობა ან სარეკლამო კომუნიკაციები აიკრძალება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ნიდერლანდების სათამაშო სექტორისათვის მიიღეს ახალი კანონმდებლობა მას შემდეგ, რაც დისტანციური თამაშების შესახებ კანონპროექტი სენატმა მიიღო. ეს მოხდა  2019 წლის თებერვლის ბოლოს. ქვეყანაში საბოლოოდ დაირღვა სახელმწიფო მონოპოლია ონლაინ და სახმელეთო კაზინოებზე. კანონის თანახმად, ჰოლანდიის კაზინოს პლატფორმა აღარ იქნება ერთადერთი ხელმისაწვდომი ქვეყნის მოთამაშეებისთვის, რადგან 2020 წლიდან ბაზარზე შესვლა უცხოურ ოპერატორებსაც შეუძლიათ.

თუმცა, არსებობს მაღალი გადასახადები (მთლიანი შემოსავლის 29%) ოპერატორებისთვის. გარდა ამისა, ისინი ასევე ვალდებულნი არიან გადაიხადონ კიდევ 1.5% ადგილობრივი მარეგულირებლის დასაფინანსებლად, ასევე 0.5% აზარტული თამაშების საწინააღმდეგო პროგრამების მხარდასაჭერად.

საფრანგეთში აზარტული თამაშების მრავალი ფორმა ლეგალურია და მის რეგულირებაზე პასუხისმგებელი სამი ძირითადი ორგანოა. Pari  Mutuel Urbain ეხება მხოლოდ დოღებს, Francaise des Jeux – ეხება ფსონების თამაშებსა და ლატარიებს, ხოლო ARJEL ეხება ონლაინ აზარტულ თამაშებს. 2009 წელს საფრანგეთის მთავრობამ შემოიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ეხება ონლაინ აზარტულ თამაშებს. ეს ევროკავშირის მოთხოვნამ გამოიწვია. 2010 წელს ოფიციალურად დაკანონდა ონლაინ აზარტული თამაშების სამი ფორმა.ეს იყო სპორტული ფსონები (მათშორის, შერეული ფსონი, ლაივფსონები და ზოგადად ფსონები), დოღის ფსონები და პოკერი. ლიცენზიებს ARJEL-ი გასცემს ოპერატორებისთვის, რომლებსაც სურთ ამ სერვისების მიწოდება საფრანგეთის რეზიდენტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში აზარტული თამაშების გადასახადები ძალიან მაღალია, რაც ამცირებს სათამაშო დაწესებულებების რაოდენობას და აიძულებს შედარებით მცირე ოპერატორს ბაზრიდან გასვლას. სხვადასხვა სპორტული ფსონი სხვადასხვა განაკვეთით იბეგრება. მაგალითად, დოღიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი 37,7%-ით იბეგრება. 40.8% ონლაინ პოკერი. 55.2% ონლაინ სპორტული ფსონები. 44.5% არაონლაინ სპორტული ფსონი. 54.5% ლატარია. 42%-ია ბეგარა სხვა ლატარიებზე, ისეთებზე, როგორიცაა თამაშები ბინგო, კენო და სხვა.

შვედეთმა შემოიღო ახალი კანონები, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიის მონოპოლიის დასრულებას. კანონები ასევე მიზნად ისახავდა მომავალში ბაზრის გახსნას კერძო ოპერატორებისთვის და ხელს უწყობდა აზარტული თამაშების ბაზრის გაფართოებას ქვეყანაში.

მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Svenska Spel იყო ერთადერთი კომპანია, რომელსაც უფლება ჰქონდა შეეთავაზებინა ონლაინ აზარტული თამაშები ხალხისთვის შვედეთში. ეს ეხებოდა ყველა სახის თამაშს, იქნება ეს კაზინოს თამაშები, სპორტული ფსონები თუ კაზინოს გართობის სხვა ფორმები. ადრინდელი კანონის მიუხედავად, აზარტული თამაშების ბევრმა კომპანიამ იპოვა გზა რეგულაციების შემოვლის კუთხით და  2018 წლისთვისკერძო კომპანიებმა შეძლეს მთლიანობაში შვედეთის სათამაშოინდუსტრიის 29% წილის დასაკუთრება. იმ დროისთვის, ქვეყნის სათამაშო ინდუსტრია განსაცვიფრებელ 2,5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული. შვედეთში იმედოვნებენ, რომ ახალი რეგულაციები გახსნის შვედეთის ბაზარს ახალი ოპერატორებისთვის და ის ასევე დაიცავს საზოგადოებას სათამაშო კომპანიების ნებისმიერი ქმედებებისგან.

შვეიცარიაში არსებობს აზარტული თამაშების კანონების ორი დონე  – ფედერალური და კანტონალური (შტატი). კაზინოს ლიცენზიები გაიცემა შვეიცარიის ფედერალური კაზინოს კომისიის (ESBK) მეშვეობით. ლატარიები და სპორტული ფსონები იმართება Comlot-ის, შვეიცარიის ლატარიის და ფსონების საბჭოს მეშვეობით. 2018  წელს მიღებულ იქნა  Money Gaming Act უცხოური სათამაშო საიტების IP მისამართების დაბლოკვის მიზნით. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ეიძულებინათ ოპერატორები გადაეხადათ გადასახადების სამართლიანი წილი. კანონი ძალაში შევიდა  2019  წლის იანვარში, გარდამავალი ეტაპით. აზარტული თამაშების ყველა არალიცენზირებული ვარიანტი დაბლოკილია.

– როგორ გგონიათ, რამდენად რეალისტურია პრემიერის მხრიდან გაცხადებული ინიციატივა და ელით თუ არა რომ ონლაინ აზარტული თამაშები აიკრძალება?

– მესმის რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და ჩვენთან მოთამაშეტა აბსოლუტური უმრავლესობა არა გართობისა და განტვირთვის მიზნით, არამედ უეცარი გამდიდრების ან სოლიდური ფულის შოვნის ილუზიით თამაშობს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, აკრძალვა არასწორი იქნება, როგორც ონლაინ აზარტული თამაშების, ასევე მისი რეკლამის. ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილმა ევროპულმა მაგალითებმა ცხადად აჩვენა, რომ ამ ბაზრის სწორი ფორმიტა და ფორმატებით  რეგულირება ისე, რომ საზოგადოებრივი ინტერესიც დაცული იქნას და ქვეყნის ეკონომიკამაც მეტი სარგებელი ნახოს, სავსებით რეალისტურია.

რა თქმა უნდა,  ზოგადად, ამ ინიციატივის განხორციელებაში, რასაც ონლაინ სათამაში ბაზრის  რეგულირება ქვია, მთავრობას, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს და საკუთრივ პრემიერს, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას. უფრო მეტიც, კარგი იქნებოდა,  ეს პროცესი აქამდეც რომ დაწყებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდ ავთქვა, რომ  აკრძალვა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ვფიქრობ, პრემიერის ამ იმედისმომცემი განცხადების მიღმა, შესაძლოა არსებობდეს ერთგვარი დათქმა, თუ გათვლა. კერძოდ კი ის რომ, მთავრობა ითხოვს მაქსიმალურ შეზღუდვებს და ამით ერთგვარად ტესტს ატარებს და ზომავს საზოგადოებრივ განწყობას. შედეგად კი,  ანალიტიკოსების, თავად სექტორის და მთლიანად საზოგადოების რეაქციის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, გამოიტანს ისეთ რაციონალურ, დაბალანსებულ  და ადეკვატურ გადაწყვეტილებას, რომელიც მრავალპლანიან სპექტრში იქნება ორიენტირებული საზოგადოებრივი სიკეთის მიღებაზე.

ისიც საგულისხმოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სათანადოდ განვითარებული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა. ფრაგმენტულად ვხვდებით გარკვეულ ინიციატივებს. ამ კუთხითაც, შესაძლოა, დსაფიქრალი იყოს გარკვეულ დამავალდებულებელ ღონისძიებებზე, მაგალითად ისეთ ფორმატზე, როგორიც ნიდერლანდების მაგალითზე ვნახეთ, როცა აზარტული თამაშების კომპანია შემოსავლის 0.5%-ს იხდის აზარტული თამაშების საწინააღმდეგო ღონისძიებების დასაფინანსებლად.

პირადად ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომაა მისაღები.

Share