Home » ახალი ამბები » ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს
ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს

ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს

“საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ ადგილასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულად უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, რათა მაქსმალურად იქნეს უზრუნველყოფილი თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის მხრიდან თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით ვალდებულებების ძალიან მცირე ნაწილია შესრულებული.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვის მიმართულებით აღებულ ვალდებულებებთან.

“თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებზე.

2006 წლის 15 მაისს საქართველოსათვის ძალაში შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომელიც აღიარებს, რომ თამბაქოს ეპიდემია წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის პრობლემას, რომელსაც სერიოზული მავნებლობა მოაქვს ჯანმრთელობისათვის და საჭიროებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ყველა ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების ზომების გატარებაში. თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარების ვალდებულება აიღო.

ამით ხელისუფლებამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეიქმნა სამთავრო კომისია, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილებები, რომლითაც განისაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაუმჯობესების და მისი ჩარჩო-კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი შესრულდა. მნიშვნელოვანია მოქმედი კანონმდებლობა დაიხვეწოს და შესაბამისობაში მოვიდეს თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვის მიმართულებით აღებულ ვალდებულებებთან. საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ ადგილასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულად უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, რათა მაქსმალურად იქნეს უზრუნველყოფილი თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნა.

თვალშისაცემია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების ყოველდღიური უგულებელყოფის ფაქტების მიმართაც. 2015 წლის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული მხოლოდ ერთი დადგენილება, რომლითაც პირს არასრულწლოვნისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის გამო ადმინისტრაციული სახდელი დაედო.

წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ თამბაქოს ნაწარმზე ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნით 2014 წლიდან 4–ჯერ მოხდა გადასახადების მატება, თუმცა ამ მიმართულებით მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრა ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით აღიარებული ვალდებულებების ეფექტურ შესრულებად.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გატარებისას პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უზრუნველყოს ყველა პირის უფლება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და პასიური წევის მავნე ეფექტებისგან დაცულობაზე, განამტკიცოს თამბაქოს მოხმარების გავრცელების ყოველწლიური შემცირების აუცილებლობა საზოგადოების ყველა სექტორში”, – აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად, ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული რეგულაციების შესრულებაზე.

წყარო: ibusiness.ge

Share