Home » ბიზნესი » ოლიგოპოლიის გაძლიერების საფრთხე კომერციულ საბანკო სექტორში
ოლიგოპოლიის გაძლიერების საფრთხე კომერციულ საბანკო სექტორში

ოლიგოპოლიის გაძლიერების საფრთხე კომერციულ საბანკო სექტორში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალი მოთხოვნა დღეს 12 მილიონს შეადგენს და ის ეტაპობრივად, 50 მილიონამდე გაიზრდება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ეს გადაწყვეტილება ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ცვლილებები ამ დროისთვის ბაზარზე არსებული 16 ბანკიდან, 3 მცირე ზომის ბანკს შეეხება.

ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები’’ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, ბანკის კაპიტალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

„თავდაპირველად, კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალი 12 მილიონზე დაბალი იყო და მათ 3 წლიანი ვადა მიეცათ იმისთვის, რომ ამ ნიშნულზე ასულიყვნენ. დღესდღეობით, საქართველოში ყველა ბანკს აქვს 50 მილიონი ლარის კაპიტალი, გარდა 3 ბანკისა. საბანკო სისტემაში კაპიტალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ეს სისტემა კონკურენციის მხრივ, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ბანკში კაპიტალის ადეკვატურობის საკითხი’’, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკის ექსპერტმა ვაჟა კაპანაძემაც დააფიქსირა. მისი განცხადებით, ეს ზრდა დადებითად იმოქმედებს, რადგან მთავარია საბანკო სისტემა გამსხვილდეს და ბანკები იყვნენ სერიოზული ფინანსური რესურსების მატარებლები.

,,მე ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ ცუდს, პირიქით, ესეთ გამსხვილებას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ არა იმას, როდესაც 2 საბანკო დაწესებულებაა დომინანტი საბანკო სისტემაში და გვაქვს მონოპოლისტური მდგომარეობა. ვთვლი, რომ წვრილი ბანკების გამსხვილება კარგია, მაგრამ არა ის რომ მთელი საბანკო სისტემა 2 კომერციული ბანკის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს. ეროვნულმა ბანკმა რომელსაც დღევანდელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ანტიმონოპოლიური უფლებები, გარკვეულწილად ძალიან მკაცრად უნდა აკონტროლოს ეს სიტუაცია. მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება ეროვნული ბანკის ქმედებები და როგორ დაიცავს საბანკო სისტემას გარკვეული მონოპოლიური სისტემების ჩამოყალიბებისგან’’,- განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ვაჟა კაპანაძემ.

კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, 50 მილიონიანი მინიმალური კაპიტალი დღეს 3 ბანკს – „სილქროუდ ბანკს”, „ფინკა ბანკს” და „ზირაათ ბანკს” არ აქვთ. 2018 წლის ბოლომდე მათ ან კაპიტალის გაზრდა ან ბაზრიდან გასვლა მოუწევთ.

ბანკებისთვის კაპიტალის სავალდებულო მოთხოვნის ნორმის მატება სამ ეტაპად (2017 წლის ბოლოსთვის, 2018 წლის ივლისისთვის და 2018 წლის ბოლოსთვის) განხორციელდება.

ლევან ლაგვილავა

Share