Home » ფინანსები » OECD-ის ფინანსური განათლების რეიტინგში საქართველო 24-ე პოზიციაზეა
OECD-ის ფინანსური განათლების რეიტინგში საქართველო 24-ე პოზიციაზეა

OECD-ის ფინანსური განათლების რეიტინგში საქართველო 24-ე პოზიციაზეა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ქსელის (OECD) ფინანსური განათლების, ხედვისა და ქცევის რეიტინგში საქართველო 12.4 ქულით მსოფლიოს 30 ქვეყანას შორის 24-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

OECD-ს ცნობით, კვლევაში მოხვედრილი ქვეყნების ფინანსური განათლების დონე საშუალოდ 13.2 ქულით განისაზღვრა მაქსიმალური 21-დან. ფინანსური განათლების მაჩვენებელი სამ კომპონენტად არის დაყოფილი – ცოდნა, რომელიც მაქსიმალური 7 ქულით ფასდება, ქცევა – 9 ქულა და ხედვა – 5 ქულა. საქართველოს ქულები კომპონენტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ფინანსური ცოდნა – 4.6 ქულა (მაქსიმალური 7 ქულიდან), ქცევა – 5.0 ქულა (მაქსიმალური 9 ქულიდან) და ხედვა 2.8 ქულა (მაქსიმალური 5 ქულიდან).

კითხვაზე – გაქვთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი, საქართველოში გამოკითხულთა 64%-მა დადებითი პასუხი გასცა.

კითხვაზე – ფარავს თუ არა თქვენი შემოსავლები საცხოვრებელ ხარჯებს, საქართველოში გამოკითხულ რესპონდენტთა 61%-მა უპასუხა, რომ არ ფარავს. ხოლო კითხვაზე, სესხულობთ თუ არა ამის გამო ფულს, კვლევაში მონაწილეთა 45%-მა დადებითი პასუხი გასცა.

კვლევის მიხედვით, მარტივი და რთული პროცენტი საქართველოში სწორად ესმის გამოკითხულთა 22%-ს, რისკები – 80%-ს, რას ნიშნავს ინფლაცია, სწორად იცის გამოკითხულთა 85%-მა, დივერსიფიკაცია – 63%-მა.

კვლევაში 30 ქვეყნის 52 000-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რეიტინგის პირველ სამეულში საფრანგეთი, ფინეთი და ნორვეგიაა.

წყარო: BPN

Share