Home » საზოგადოება » „ოდესმე სიტუაციის რეალური შეფასების მომენტი დადგება და შესაძლებელი იქნება ზოგიერთი საკითხის მოგვარება“

„ოდესმე სიტუაციის რეალური შეფასების მომენტი დადგება და შესაძლებელი იქნება ზოგიერთი საკითხის მოგვარება“

ახლა მეჩვენება, რომ საქართველოში ხალხს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა არ იცვლება ქართულ პოლიტიკურ ელიტაში 90-იანი წლებიდან, ანუ იმ დროიდან რაც შამბა პოლიტიკაშია და სხვადასხვა „თანამდებობა“ უკავია, ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ უპასუხა:

„დიახ, ამ წლების განმავლობაში მე კავშირი მქონდა რუსეთისა და საქართველოს ბევრ ცნობილ პოლიტიკურ ლიდერთან, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლიტიკოსებთან. თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, დიახ, ჩვენ ხშირად გვქონდა ხისტი მოლაპარაკებები. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოლაპარაკებების შემდეგ საკმაოდ ნორმალურად გვისაუბრია, შევსულვართ სადღაც ყავაზე ან დასალევად, თუმცა, ყოველთვის ისინი საკუთარ ინტერესებს, ჩვენ კი, ჩვენს ინტერესებს ვიცავდით. ახლა მეჩვენება, რომ საქართველოში ხალხს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი”.

მისივე თქმით, ესმის ისიც, რომ საზოგადოებაში არსებობს განწყობა აფხაზეთთან ურთიერთობების შეცვლასთან დაკავშირებით.

„ცოტა ხნის წინ წავიკითხე განცხადება, რომელიც საქართველოს ცნობილმა მოღვაწეებმა გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. ვფიქრობ, ამ პროცესს მაინც აქვს პერსპექტივა, თუმცა ის გრძელვადიანია. ოდესმე სიტუაციის რეალური შეფასების მომენტი დადგება და შესაძლებელი იქნება ზოგიერთი საკითხის მოგვარება, რომლებიც საერთო ინტერესებშია,“- აღნიშნა შამბამ.

შამბას შეკითხვა „ქართულ მხარესთან“ სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მის სიტყვებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ.

„ბოლო დროს ჩემს სიტყვებს ამახინჯებენ, რომ თითქოს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მსურს. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რადგან საქართველო ამაზე თავად არ წამოვა. სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზებისთვის საჭიროა სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც საქართველო არ მოაწერს ხელს. ვხედავთ, რომ ჟენევაში ათ წელზე მეტია ვცდილობთ ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების გაფორმებას, რადგან ისინი ამას განიხილავენ როგორც სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას.

მე ვსაუბრობდი არა იმაზე, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ, არამედ იმაზე, რომ ის საქონელი, რომელიც კონტრაბანდის გზით შემოდის აფხაზეთში, დაიბეგროს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა,“- აღნიშნა შამბამ.

ipn.ge

Share