Home » საზოგადოება » „ოაზისის” აღმასრულებელი მენეჯერის განცხადებით, სასტუმროს ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

„ოაზისის” აღმასრულებელი მენეჯერის განცხადებით, სასტუმროს ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის” ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, – ამის შესახებ სასტუმროს აღმასრულებელმა მენეჯერმა გვანცა ხაინდრავამ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გუშინ სასტუმროში შევიდა ვიზიტორი, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სასტუმროს ადმინისტრაციამ პრევენციის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანა.

გვანცა ხაინდრავას განცხადებით, პირველადი ტესტის შედეგად სასტუმროს ვიზიტორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„ჩაკეტვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. ერთ პირს, რომელიც გუშინ შემოვიდა სასტუმროში, დაუფიქსირდა ტემპერატურა და პრევენციის მიზნით გადავიყვანე შემოწმებაზე. სასტუმროში ჩატარდა დეზინფექცია და პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ეს ადამიანი იმიტომ გადავიყვანეთ, რომ ჩვენმა ვიზიტორებმა უსაფრთხოდ იგრნონ თავი“, – განაცხადა გვანცა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ელოდებიან განმეორებითი ტესტის პასუხებს და ამის შემდეგ შეეძლებათ ვიზიტორებს როგორც ტერიტორიის დატოვება, ასევე სასტუმროში შესვლა.

„ამ ეტაპზე დაახლოებით 900-მდე ვიზიტორი გვყავს”,- განაცხადა გვანცა ხაინდრავამ.

„ინტერპრესნიუსი”

Share