Home » ეკონომიკა » ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა

ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა. პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.4% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბერში სესხებისა და დეპოზიტების მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით (2.00%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.09%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 31.37 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 237.37 მლნ ლარით (1.73%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.73 მლნ ლარით (2.21%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.37%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.43 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით მეტი).

2019 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.50%-ით, ანუ 230.76 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 15.65 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.40 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.11 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით),“ – აღნიშნულია სებ-ის პრესრელიზში.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი დეკემბრისათვის 26.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 37.53 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.18%-ით ნაკლები).

„ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 101.98 მლნ ლარით, ანუ 0.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.83%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 139.52 მლნ ლარით, ანუ 0.92%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.92%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 36.20 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.08 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით).

ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.67% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.30%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.84%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.38%, ხოლო ევროს წილმა 14.03% შეადგინა,“ – აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

Share