Home » ბიზნესი » ნოდარ ხადურმა ბიზნესმენებს სიახლეები წარუდგინა
ნოდარ ხადურმა ბიზნესმენებს სიახლეები წარუდგინა

ნოდარ ხადურმა ბიზნესმენებს სიახლეები წარუდგინა

მინისტრის თქმით, პროექტი მოგების გადასახადების რეფორმას ეხება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბიზნესის განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა.

უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ბიზნესმენებისთვის შემდეგი შეღავათები დაწესდება:

• კომპანიები, რომლებიც მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

„უფრო კონკრეტულად, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა ის სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის.
სახსრები, რომლებიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითარებისათვის, წარმოების გაფართოებისათვის, დასაქმების გაზრდისათვის, ეს თანხები აღარ დაიბეგრება“, – განმარტავს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ხოლო, კომპანია, რომელიც რომელიც მოგებას გაანაწილებს, მისთვის მოგების გადასახადისთვის საანგარიშო პერიოდი 1 წლის ნაცვლად 1 თვე იქნება.

მოგების გადასახადზე შეღავათები ბანკებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო კომპანიებს არ შეეხებათ.

„ვფიქრობთ, დღეს ამის საჭიროება არ არის. ეს სექტორები საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება“, – დასძინა ნოდარ ხადურმა.

• საწარმო, რომელიც მანქანა-დანადგარებს შემოიტანს, დღგ-ს აღარ გადაიხდის.

• საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

დღეს მოქმედი კანონით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღა სასამართლოს გარეშე დაადოს. ცვლილებით, შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში მან სასამართლოსგან თანხმობა უნდა მიიღოს. თუ სასამართლოსგან თანხმობას არ მიიღებს, ყადაღა მოხსნილად ჩაითვლება.

• ე.წ. ფინანსური პოლიცია საგადასახადო შემოწმებას აღარ ჩაატარებს.

საგადასახადო შემოწმებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ნაცვლად შემოსავლების სამსახური ჩაატარებს.

• 2011 წლის შემდეგ გაჩერებულ საწარმოებს დავალიანებები ჩამოეწერებათ.

„გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, ჩამოეწერებათ დავალიანებები, რომელიც მათ 2011 წლამდე დაუფიქსირდათ. ეს არის საწარმოები, რომლებიც 2011 წლის შემდეგ გაჩერებულია. ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ ახლა დაიწყონ ფუნქციონირება. ანუ 5 წელია ამ საწარმოებს არ უმუშავიათ, არანაირი ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას… შარშანაც ისარგებლა ასე რამდენიმე კომპანიამ, მათ დაიწყეს მუშაობა, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, იქმნება რეალური ინვესტირების შესაძლებლობა“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

აღნიშნული კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. დამტკიცების შემთვევაში კი, ცვლილებები მიმდინარე წლის 1 ივლისს შევა ძალაში.

წყარო

Share