Home » ფინანსები » ნოდარ ხადური: კომპანიები თუ მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან
ნოდარ ხადური: კომპანიები თუ მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან

ნოდარ ხადური: კომპანიები თუ მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებათა პაკეტი განიხილეს, რომელიც მოგების გადასახადს ეხება.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, კანონპროექტის თანახმად კომპანიები, რომლებიც მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

“უფრო კონკრეტულად, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა ის სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის.

ამასთან, დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელს, მაგალითად მეწარმე ფიზიკურ პირებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ასევე ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, შესაბამისად, მას არ ანაწილებენ, მაგალითად ეს არის საჯარო-სამართლის იურიდიული პირები, და ეს არის არასამთავრობო სექტორი, ე.წ. აიპები. შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი, შენარჩუნდება პროცენტზე, როიალზე და დივიდენდზე არსებული განაკვეთი”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით, კომპანია, რომელიც მოგებას გაანაწილებს, მისთვის მოგების გადასახადისთვის საანგარიშო პერიოდი 1 წლის ნაცვლად 1 თვე იქნება.

“ამავე დროს მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის, მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და ის გადახდები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. სახსრები, რომლებიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითარებისათვის, წარმოების გაფართოებისათვის, დასაქმების გაზრდისათვის, ეს თანხები აღარ დაიბეგრება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრი ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილება ძალასი მიმდინარე წლის 1 ივლისს შევა.

“შესაბამისად, პირველ ივლისამდე 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისათვის დეკლარირების პერიოდად განისაზღვრება სავარაუდოდ 1 ნოემბრამდე პერიოდი. ხოლო, დანარჩენ პერიოდზე ჩვეულებრივ ყოველთვიურად მოხდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად, უმარტივესი დეკლარირების ფორმა იქნება, ამით გამარტივდება დეკლარირებაც და საგადასახადო შემოწმებებიც”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

წყარო: Ipress

Share