Home » საზოგადოება » ნინო წერეთელი: თეა გოდოლაძეს აქვს მონაცემებზე მონოპოლია, რომლითაც ვაჭრობს და გვეუბნება, პროექტებში ჩამსვიო

ნინო წერეთელი: თეა გოდოლაძეს აქვს მონაცემებზე მონოპოლია, რომლითაც ვაჭრობს და გვეუბნება, პროექტებში ჩამსვიო

ვის ეკუთვნის სეისმური მონაცემემები? რას ითხოვენ გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და რატომ გახდა ეს თემა სადავო, თუკი ეს მონაცემები ეკუთვნის იმ დაწესებულებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზეა?

დავა, რომელიც წლებია გრძელდება, ისევ ღიაა და მეცნიერებს შორის ისევ დაპირისპირების მიზეზია. ერთი შეხედვით საკითხი, რომელიც ყველა მეცნიერს უნდა აერთიანებდეს, განხეთქილების თემად იქცა და ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფომ თავისი წილი სიტყვის თქმა, ამ დრომდე ვერ მოახერხა. არადა, საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს.

2021 წლის აპრილში, გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ნაწილმა წერილით მიმართა ეკონომიკის, გარმოს დაცვისა და განათლების სამინისტროებს.

“გეოფიზიკის ინსტიტუტი ერთ-ერთი ლიდერი ინსტიტუტია ბუნებრივი კატასტროფებისა და მათი რისკის შეფასებაში. ბოლო პერიოდში წარმოქმნილი უთანხმოებები მონაცემთა ბაზების გაცვლის საკითხზე სეისმური მონიტორინგის ცენტრთან, რომელსაც ხშირად ვაჭრობის სახე აქვს, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ინსტიტუტს თავისი მეცნიერული პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენაში.

ამასთან დაკავშირებით გვინდა მოგმართოთ თხოვნით, მოაგვაროთ ბუნებრივ საშიშროებებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის გასაჯაროვება კანონმდებლობის დონეზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

კარგი იქნება პრობლემის მოგვარებისას კონსულტაციები გამართოთ გეოფიზიკის ინსტიტუტის დაინტერესებულ მეცნიერებთან.

ასევე მოგახსენებთ, რომ ამ საკითხზე გეოფიზიკის ინსტიტუტმა არაერთხელ მიმართა სახვადასხვა სამინისტროს (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)ბოლო წლების მანძილზე სამწუხაროს თხოვნამ შედეგი ვერ მოიტანა”, – ვკითხულობთ წერილში.

როგორც გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი, დოქტორი ნინო წერეთელი „აიპრესთან“ აცხადებს, ნებისმიერი მასალა, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი საფრთხეების შეფასებისკენ, აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერისთვის საქართველოში.

„ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ამ წუთში მე არაფერს არ ვიგონებ. ყველგან, მთელი  მსოფლიოს მასშტაბით მონაცემები, რაც მიწისძვრებს,  ჰიდროლოგიას, მეტეოროლოგიას და ასე შემდეგ ეხება, არის ღია, ვინაიდან ეს არის სამეცნიერო საკითხები. ეს  გახდა ღია იმიტომ, რომ განვითარდეს ეს მეცნიერებები და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეფასებები. ახალი მეთოდები განვითარდეს და კაცობრიობამ აქედან მიიღოს სიკეთე. ლაბორატორიული მონაცემები აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მითუმეტეს, როდესაც ორგანიზაცია არის სახელმწიფო ბიუჯეტზე. რას ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაცია: მას აფინანსებს სახელმწიფო და უხდის ხელფასს იმიტომ, რომ განავითაროს ქსელი და ამუშაოს მონაცემები. გარდა ამისა, რასაც ის პროექტების სახით იღებს, იმიტომ იღებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციაა, უნივერსიტეტია. რომ არ იყოს უნივერსიტეტი და ეს იყოს რომელიმე კერძო კომპანია, ამ გრანტებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ დასავლეთიდან, ვერ მიიღებს. ის მას ეძლევა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს იმიტომ, რომ ქვეყანა გაძლიერდეს. დასავლეთ პარტნიორებს, ვინმე კონკრეტული პირების სიძლიერე კი არ აინტერესებთ, არამედ  მთელი ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი და მონაცემები ყველა ინსტიტუტისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მარტო ჩვენთვის კი არა, ჩვენ უამრავი უნივერსიტეტი გვაქვს, ბათუმში, ქუთაისში, თელავში. ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. წარმოიდგინეთ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, თსუ -ს უნივერსიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი უნივერსიტეტია, ვერ იღებს მონაცემებს იგივე ბიუჯეტზე მყოფი ილიაუნის უნივერსიტეტიდან. ეს არის სამარცხვინო ფაქტი.

რაზეც თქვენ საუბრობთ, მაგ პრობლემის მოწესრიგება სახელმწიფოს ვალდებულება არ არის?

დიახ, ეს  არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. აქ კიდევ ერთ დეტალს განვმარტავ, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ არ გვაწვდის მონაცემებს, ქალბატონი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ის  საერთაშორისო გამოცემებში აგზავნის მონაცემებს. ეს საიტი ზეპირად ვიცით და ზუსტად იქიდან ვტვირთავთ ჩვენ საქართველოს  მონაცემებს, რომელიც ძალიან მწირია. 2010 წელს შეგვიწყვიტა ჩვენ ილიაუნმა ამ მონაცემების მოწოდება.

აი, მაგალითად, რა მონაცემები გჭირდებათ, რასაც ვერ იღებთ სეისმოლოგიის ცენტრიდან?

მაგალითად იყო განაცხადები, რომ ჩვენ ყაზბეგის რაიონში, ერთი დღის მანძილზე ვაკვირდებით 100-მდე  მიწისძვრას, ეს ერთი დღის მანძილზე დაკვირვებული 100-მდე მიწისძვრა ჩვენ ვერსად ვერ მოვიძიეთ. გარდა ამისა, 42 სადგურია და ეს მიწისძვრები უნდა იყოს ჩაწერილი 42-ვე სადგურზე. ეს ვერ ვნახეთ მას შედეგ რაც ილიაუნი არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

როდის დაიწყო ეს პრობლემები?

2006 წელს, ცა რომ გაიხსნება და რაღაც მოვლენა გამოჩნდება, გამოვიდა საიდანღაც ბრძანება, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრი გახდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ეს აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ყოველ შემთხვევაში მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინსტიტუტის დირექციისთვის და სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარისთვის ეს იყო მოულოდნელი. გავიდა ცალკე, მაგრამ მაშინვე ითქვა, რომ აუცილებლად მონაცემებით მოგვამარაგებდა. მერე შეუერთდა ეს ცენტრი ილიაუნს.

პირველი პრობლემა შეიქმნა 2007 წელს, როდესაც მე მივდიოდი საზღვარგარეთ, ახალი მეთოდები უნდა შემესწავლა და მჭირდებოდა ჩანაწერები და არ მოგვცა. გავასაჩივრე, ჩვენს დირექციას ვუთხარი და დირექცია ჩაერია, მაშინ ბატონ ზურაბ ჯავახიშვილს ეს მოაცემინა. რომ ჩამოვედი, კიდევ შეწყვიტა მონაცემების მოცემა, მაშინ შევიტანე საჩივარი სამინისტროში. მინისტრები ხშირად იცვლებოდნენ, ვერ ვიტყვი ზუსტად  რომელი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი შენახული მაქვს. გიგი თევზაძე იყო მაშინ რექტორი, ჩაერია და დაადებინა მონაცემები.

მაშინ ეს პრობლემა მოგვარდა.  2010 წელს ისევ მოხსნა ზურაბ ჯავახიშვილმა ეს მონაცემები. მაშინ ჩვენ არ გვეცალა, სხვა საკითხებში ვიყავით ჩართული და 2012 წლიდან ისევ დავიწყეთ ამ მონაცემებზე  ბრძოლა. ვერაფერს ვერ მივაღწიეთ დღემდე. თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ ეს თურმე მისი ინტელექტუალური საკუთრებაა, რაც სასაცილოა!

ინტელექტუალური საკუთრება რას ნიშნავს? ან ხელსაწყო  უნდა იყოს შენი გამოგონილი, ან მეთოდი უნდა იყოს შენი გამოგონილი. საერთაშორისო ქსელში რომ შევიდეთ, ყველა ქვეყნის მონაცემებს ვნახავთ აბსოლუტურად. საქართველოში კი არის ძალიან მწირი. ჩვენ მაგალითად თურქეთის სრული კატალოგი შეგვიძლია მოვიძიოთ ამ საერთაშორისო ქსელში.

როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ იღებთ იმ მონაცემებს, რასაც ითხოვთ?

მას აქვს მონოპოლია მონაცემებზე, თუ მონაცემები არ იქნა, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ. და ჩვენ ასეთი ერთი შემთხვევა გვქონდა. იტალიელებთან ერთად ვაკეთებდი პროექტს, ტექნიკური უნივერსიტეტი იყო ჩვენთან. გრანტი არ კეთდება სეისმური მონაცემების დამუშავებაზე, გრანტი კეთდება მეცნიერულ იდეაზე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს, ციტირებას ვუკეთებთ, რომ ამას ვიყენებთ. ანუ, მაქსიმუმ რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ გრანტიდან რაღაც პროცენტი მივცე ილიაუნის ინსტიტუტს და არა თეა გოდოლაძეს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. მას შეუძლია წეროს პროექტები და იყოს კონკურენტი.  გამზადებულ პროექტზე, სადაც ერთი წინადადებაც არ ჰქონდა დაწერილი, ამოაგდებინა ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტი და თვითონ ჩაჯდა გამზადებულ  პროექტში, უბრალოდ ეს პროექტი მერე არ დაფინანსდა. ახლა ტელევიზიით გამოდის და დეზინფორმაციას ავრცელებს ვულკანური მიწისძვრების შესახებ, რომელიც თვალით არავის არ უნახავს.

სამინისტროს წარმომადგენლებთან თუ გქონიათ ამასთან დაკავშირებით შეხვედრა და როგორია მათი პოზიცია,?

სამარცხვინოდ გამოიყურება ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ ამ სამეცნიერო საკითხში. ანუ, გაირკვა, რომ ჩვენ ყველას ერთნაირი ბუნება გვაქვს. პოლიტიკოსებს რომ ვაკრიტიკებთ, ერთმანეთში რომ ვერ თანხმდებიან, გამოდის მეცნიერებიც ვერ ვთანხმდებით და ქართველებს გვაქვს უმძიმესი ხასიათი. ვფიქრობ, კანონებია შემოსაღები, რომლებიც ყველას ჭკუას ასწავლის. მაგალითად, ახლა კანონი რომ შემოვიდეს, რომელიც იტყვის, ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებით ყველა მონაცემი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აწარმოებს, იყოს ხელმისაწვდომი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხსნება თანამდებობიდან ის ადამიანი ვინც ამას დაბლოკავსო, ეს საკითხი მოგვარდება.  აღარც გოდოლაძის ხასიათზე იქნება დამოკიდებული ეს და აღარც ჩვენს ხასიათზე.

კატალოგი რომ არ დაიდოს და ამით ინსტიტუტმა არ ისარგებლოს, ასეთი მსოფლიოს არ ახსოვს. საოცარი კატალოგებია შექმნილი და მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომია. მაგალითად იაპონიას უნიკალური მონაცემები უდევს და კონფერენციაზე სიამაყით აცხადებენ, რომ მათ საიტს უამრავი ადამიანი ნახულობს. იაპონურ სეისმოლოგიურ კვლევებზე შეიძლება აკეთებდნენ კვლევებს  ამერიკელები, გერმანელები, იმიტომ, რომ მიწისძვრები ზოგადად გლობალური საკითხია და მარტო საქართველოში მიმდინარე პროცესი ამას არ განსაზღვრავს.

სეისმოლოგისს ინსტიტუტს თანხა რომ გადაუხადოს ვინმემ ოფიციალურად, მისცემს ამ მონაცემებს?

მე ვიცი, რომ ენკა მივიდა და უთხრა მონაცემებს ვიყიდი, რომ გავაკეთო ხელმეორედ კვლევაო, რაზეც უარი უთხრეს. მერე იკეკლუცა გოდოლაძემ მომადგა ენკა  და ჩვენი ნაშრომები მოგვთხოვაო.

ყოველი წლის ბოლოს მას ევალება დადოს ბიულეტენები, კატალოგები, ჩანაწერები. მარტო ტექსტუალურად წერს და რატომ არ აქცევს ამას აკადემია ყურადღებას?

თქვენ არ შეგიძლიათ მსგავსი ქსელის გაკეთება გეოფიზიკის ინსტიტუტის ბაზაზე?

რაც შეეხება იმას, ჩვენ რატომ არ გვაქვს ქსელი? იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც მოხდა ეს გაყოფა და მთელი ქსელი მან წაიღო ჩვენგან, მაშინ სამინისტრომ თქვა, რომ ერთიდაიმავე საკითხს სხვადასხვა ინსტიტუტებს არ დაუფინანსებს. რაშიც ვერ გავამტყუნებ, ქვეყანა ღარიბია, პატარაა, ხალხი შიმშილობს. საქ უნდა იყოს ერთი ძლიერი ქსელი, რომელითაც ყველა ისარგებლებს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

პ.ს. თემაზე მუშობას ვაგრძელებთ და შემოგთავაზებთ სხვა მხარეების კომენტარებსაც.

ipress.ge

Share