Home » საზოგადოება » ნინო ფოფხაძე: წამლები იაფდება, ახლა მთავარი ხარისხის კონტროლის გამკაცრებაა
ნინო ფოფხაძე: წამლები იაფდება, ახლა მთავარი ხარისხის კონტროლის გამკაცრებაა

ნინო ფოფხაძე: წამლები იაფდება, ახლა მთავარი ხარისხის კონტროლის გამკაცრებაა

 

ფარმაცევტული კომპანიების მიერ მედიკამენტების გაიაფების ტენდენციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმის“ ხელმძღვანელი ნინო ფოფხაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე თამაშის წესები სწრაფად იცვლება, რასაც ერთის მხრივ ცხადყოფს მსხვილი სააფთიაქო ქსელების მიერ ერთდროულად გაკეთებული განცხადება მედიკამენტების გაიაფების შესახებ და მეორეს მხრივ, ახლახანს გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის („საქართველოს ბანკის“ ჰოლდინგი) მიერ სააფთიაქო ქსელ GPC–ის შეძენის თაობაზე.

„მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია ბაზარზე თამაშის ახალი წესების დამკვიდრების ლოგიკური გამოძახილია. მართალია, ფარმაცევტული კომპანიები ახლახანს გამოცხადებულ გაიაფებას ცალსახად ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას  უკავშირებენ, თუმცა, ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც მთავარი მიზეზი, რამაც ფარმა კომპანიებს პროდუქციის გაიაფებისკენ უბიძგა.

ლარის გაცვლით კურსზე უფრო საგულისხმო მინიმუმ ორი მიზეზი არსებობს, რაც ფარმაცევტული კომპანიებისა და სააფთიაქო ქსელების მხრიდან საფასო პოლიტიკის გადახედვას იწვევს. პირველი ეს არის „ჰუმანითის ეფექტი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე სერიოზული ამბიციითა და პრეტენზიით შემოვიდა მსხვილი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“, რომლის სტრატეგიაც ბაზრისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯერერიული მედიკამენტების მიწოდებაა. რამდენადაც ცნობილია, უკვე გაყიდვაშია ჰუმანითის რამდენიმე ათეული დასახელების მედიკამენტი, რომელთა ფასიც, ანალოგებთან შედარებით, მინიმუმ 30 %–ით იაფია. ახალახანს გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანითი უახლოეს მომავალში დამატებით კიდევ 200 დასახელების მედიკამენტის შემოტანას გეგმავს. ბუნებრივია, ეს უკვე არის ის მოცულობა, რომელიც ბაზარზე სურათს კიდევ უფრო საგრძნობლად შეცვლის და მედიკამენტების გაიაფების ტენდენციას გააღრმავებს. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ჰუმანითის პორტფელი, ძირითადად, ყველაზე ხშირად მოხმარებადი პრეპარატებისგან შედგება“, – აცხადებს ფოფხაძე.

მისი განცხადებით, მეორე ფაქტორი, რაც ასევე მოქმედებს და შემდგომში კიდევ უფრო იმოქმედებს მედიკამენტების გაიაფების ტენდენციაზე, არის სულ ახალხანს მომხდარი ფაქტი. საუბარია საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის („საქართველოს ბანკის“ ჰოლდინგი) მიერ სააფთიაქო ქსელ  GPC–ის შეძენაზე.

„ეს საკმაოდ მოულოდნელი გარიგებაც, ცხადია ცვლილებებს გამოიწვევს ბაზარზე. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი GPC–ის შეძენით ხდება სერიოზული მოთამაშე ფარმაცევტულ ბაზარზეც. ის უკვე ერთ–ერთი ლიდერია ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორისა და ჯანდაცვის დაზღვევის ბაზრებზე. რამდენად სწორი და მართებულია ერთი ქოლგის ქვეშ ჯანდაცვის სრული ციკლის მოქცევა, რაც ტრადიციად იქცა საქართველოსთვის, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია GHG ძლიერდება, მას აქვს დიდი ფინანსური ზურგი „საქართველოს ბანკის“ სახით და შეუძლია ნებისმიერი დასახული ბიზნეს–ამოცანის მოკლე დროში შესრულება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი შესვლა სააფთაიქო ბიზნესში ასევე ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფების ტენდენციას, რამდენადაც, მისი ამოცანა იქნება არა მხოლოდ საკუთარ ქსელში დაზღვეულთა და მკურნალობის მსურველთა წამლებით მომარაგება, არამედ ამ ქსელების მიღმა არსებული პოტენციური კლიენტების მიმხრობაც. აქ კი მას ხვდება „ჰუმანითის ეფექტი“ და ამ ეფექტის შესაბამისად გაიაფების ტენდენციის მქონე ბაზარი“, – მიაჩნია ფოფხაძეს.

მისი აზრით, ერთ–ერთი მთავარი, რაც მთელ ამ პროცესში იკვეთება, არის ის, რომ სახელმწიფომ შეძლო და რეალურად შეუწყო ხელი ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებას, რამაც შედეგად მედიკამენტების გაიაფების ტენდენცია მოიტანა.

„ვფიქრობ, სახელმწიფო ეფექტიანად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და რეალურად ახერხებს ბიზნესში ჩაურევლობის პარალელურად კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის უზრუნველყოფას. ამით, მის მიერ დეკლარირებული ამოცანა, რომ ბაზარზე მედიკამენტები უნდა იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი, სრულდება. ჩემი აზრით, ახლა მთავარი აქცენტი გადასატანია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე. მოსახლეობაში რეალურად უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ბაზარზე დაშვებული უკლებლივ ყველა მედიკამენტი ხარისხიანი და ეგფექტიანია.

Share