Home » საზოგადოება » ნიკოლოზ მეტრეველი – ჩინეთი აღარ იმალება და იცდის

ნიკოლოზ მეტრეველი – ჩინეთი აღარ იმალება და იცდის

ჩინეთის ეკონომიკის უკვე 25 წლიანი პერმანენტული გრანდიოზული მიღწევები პოლიტიკოსების და ექსპერტების მუდმივი ყურადღების ცენტრშია და დიდი რაოდენობის ინფორმაციაც ვრცელდება. XX საუკუნის ბოლოს ჩინეთის ლიდერების მიერ საერთო სახელმწიფო პოლიტიკის გადასინჯვის შედეგად მოხდა მსოფლიოში ჩინეთის ადგილის და როლის განსაზღვრა. შესაბამისად დადგა სამხედრო ძალების მშენებლობის დოქტრინის განახლების აუცილებლობაც. ფართო აუდიტორიისათვის გაცილებით ნაკლები ინფორმაცია ვრცელდება მსოფლიო მედიაში ჩინეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო პოტენციალის შესახებ, ვიდრე ჩინეთის ეკონომიკის შესახებ. ამ თემით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანები, როგორც წესი მიიჩნევენ, რომ ნომერ მეორე მსოფლიო ეკონომიკის ქვეყანას, რომელსაც ექსპერტების შეფასებით მსოფლიოს პირველი ეკონომიკის ადგილის დაკავების შესაძლებლობა უკვე XXI საუკუნის 30-იანი წლების შუალედში ექნება, ამერიკის, რუსეთის, საფრანგეთის და ბრიტანეთზეც სუსტი სამხედრო პოტენციალი გააჩნია. ამგვარად სრულებით არ ფიქრობენ მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები. ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მკაფიოდ განსაზღვრეს საკუთარი გლობალური მოწინააღმდეგეები – ვლადიმერ პუტინის რუსეთი და სი ძინპინის ჩინეთი.

ორივე სახელმწიფო, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულია მნიშნელოვნად ზრდის სამხედრო ბიუჯეტებს და ახდენს საკუთარი ჯარების მოდერნიზაციას, მაგრამ მათი პრიორიტეტები და შესაძლებლობები მკვეთრად განსხვავებულია. დასავლეთ სამყაროს ამ ორი გლობალური მოწინააღმდეგისგან, გასაგები საფუძვლების გამო ამჟამად ჩინეთი ამერიკის და კოლექტიური დასავლეთის მიერ გაცილებით სერიოზული საფრთხის მატარებლად აღიქმება. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთმა ბოლო ათი წლის მანძილზე საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და 2021 წელს დაახლოებით 210 მილიარდ დოლარს შეადგენს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით კი, ციფრები გაცილებით მაღალია. პირდაპირი სამხედრო ხარჯების პარალელურად, თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების მიზნით ძალიან დიდი ფინანსური რესურსები იდება სახელმწიფო და კერძო კორპორაციებში.

2017 წელს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ სახალხო გამანთავისუფლებელმა არმიამ 2049 წელს უნდა მიაღწიოს „მსოფლიო დონეს“ და რაც მთავარია, „იბრძოლოს და გაიმარჯვოს მსოფლიო ომებში“. ჩინეთის 2015 წლის სამხედრო სტრატეგიის რედაქციის მიხედვით შიარაღებული ძალების წინაშე შემდეგი ძირითადი სტატეგიული ამოცანები დგას:

1. ჩინეთის სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო ტერიტორიების სუვერენიტეტის უსაფრთხოების დაცვა.

2. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

3. ახალ სივრცეებში (კოსმოსი, კიბერსივრცე), საზღვრებს გარეთ ქვეყნის ინტერესების დაცვა.

4. სტრატეგიული ბალანსის უზრუნველყოფა.

5. საპასუხო ბირთვული დარტყმის მიყენების შესაძლებლობა

6. სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდაჭერა.

შეიარაღებული ძალების რეფორმის ამჟამინდელი ეტაპის მთავარი ამოცანა – მექანიზაციის და ინფორმატიზაციის გაძლიერებაა. ჩინეთის კომპარტიის მე-19 ყრილობაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ 2035 წლისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალები ინოვაციური ტიპის ლიდერი სახელმწიფოების რიცხვში უნდა შევიდეს. ამავე დროს, 2035 წელს მთლიანობაში უნდა დასრულდეს შეიარაღებული ძალების და სახალხო არმიის სრული მოდერნიზაცია, ხოლო საუკუნის შუალედში, სახალხო არმია გადაიქცეს მსოფლიო დონის მოწინავე ძალად. სი ძინპინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩინეთში შეიქმნა შეიარაღებული ძალების ორი ახალი სახეობა, 2015 წლის დეკემბერში სტრატეგიული უზრუნველყოფის ჯარები, 2016 წლის თებერვალში სარაკეტო ჯარები. 2015 წლის დეკემბერში დამოუკიდებელ სტრუქტურად გამოიყო სახალხო არმიის სახმელეთო ძალების შტაბი. 2015 წელს ერთ-ერთ პრიორიტეტად სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობის განვითარება აღინიშნა, რომელსაც სამხედრო და სამოქალაქო განვითარების სპეციალური კომისია ხელმძღვანელობს. უდიდესი ყურადღება და რესურსები ეთმობა კიბერსივრცეში საინფორმაციო ომის სტრატეგიის დამუშავებას.

ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში თუ ჩინეთის საჰაერო ძალები აშკარად მოძველებული იყო და აღჭურვილი იყო რამოდენიმე რუსული წარმოების სუ-27 და სუ-30 ტიპის გამანადგურებლით, საჰაერო ძალებს არ ჰქონდა არცერთი მძიმე ბომბდამშენი, არ იყო მაღალი სიზუსტის შეიარაღებაც. სიტუაცია უკვე საუკუნის პირველივე ათ წელიწადში კარდინალურად შეიცვალა. ჩინეთის საჰაერო ძალებმა 150 მეოთხე თაობის გამანადგურებელი მიიღეს, 2017 წლის დასაწყისში კი შეიარაღებაზე დადგა მეხუთე თაობის Chengdu-J20 ტიპის გამანადგურებლები. აქტიურად მიმდინარეობს მეხუთე თაობის კიდევ ერთი Shenyang-FC31 გამოცდები.

სისტემატიური ყურადღება ექცევა საჰაერო დაცვის საკუთარი სისტემების მოდერნიზაციას და შექმნას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეიარაღების კომპონენტი ბირთვული სტრატეგიული რაკეტები, რომლითაც ჩინეთს აშკარა დისპროპორცია გააჩნდა ამერიკასთან და რუსეთთან სწრაფი ტემპებით მცირდება. ჩინეთს მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული ინფორმაციული ომების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და ამიტომაც ინტენსიურად ავითარებს ინფორმაციული ომების სტრატეგიას. შედეგები დამაფიქრებელი და შთამბეჭდავია. ავიღოთ საზღვაო ძალები: დღეისათვის ჩინეთი ძლიერი საზღვაო სახელმწიფოა, მას გააჩნია დაახლოებით 350 თანამედროვე ტიპის წყალზედა და წყალქვეშა ხომალდი. საზღვაო ძალების განვითარების გეგმის მიხედვით 2030 წელს ჩინეთს 5 უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ავიამზიდი ექნება. სწრაფად იზრდება ნაღმოსნების რაოდენობაც. ჩინეთის სამხედრო პოტენციალის და მისი განვითარების ასეთი სქემატური მიმოხილვაც კი გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს მეორე და მზარდი ეკონომიკის სახელმწიფოს, შესაბამისი სამხედრო პოტენციალი და ამ პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა გააჩნია.

საინტერესოა სად, რა პირობებში, რა გარემოებების და გამოწვევების გამო ხედავენ ჩინეთის ლიდერები საკუთარი შეიარაღებული ძალების ამოქმედებას?

მთლიანობაში სცენარი, რომლის შედეგადაც შესაძლებელია ჩინეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების წარმოება ასეთია – საკუთარი მიუერთებელი ტერიტორიის, ტაივანის წინააღმდეგ; იაპონიის წინააღმდეგ აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვის აკვატორიაში ტერიტორიული დავების გამწვავების შემთხვევაში; ჩინეთის ჩართვას კორეის ნახევარკუნძულზე შესაძლო ფართომასშტაბიან სახედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში; საზღვრისპირა კონფლიქტების უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში; მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ტერიტორიებიდან სეპარატისტების მიერ შემოტევების შემთხვევაში; ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის უკონტროლოდ და ქაოტურად დამხობის შემთხვევაში; მასშტაბური საშინაო არეულობის შემთხვევაში; ქვეყნის ტერიტორიის შიგნით მასშტაბური სეპარატისტული კონფლიქტების შემთხვევაში.

როგორც ვხედავთ გარემოებები, როდესაც შესაძლებელია ჩინეთის მიერ სამხედრო პოტენციალის ამოქმედება საკმაოდ მრავალია. და რაც უაღრესად დამაფიქრებელია საქართველოსთვის, ის პოტენციური სამხედრო კონფლიქტები, რომელშიც შესაძლოა ჩაერთოს ჩინეთი, ძალიან დიდი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეების პირდაპირ მონაწილეობას გულისხმობს. ჩინეთის ყოვლისმომცველი ხასიათის სამხედრო მოდერნიზაცია სერიოზული გამოწვევაა საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის. აი, რას აცხადებს ამ პრობლემაზე აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარკ მილი გასული წლის დეკემბერში გაზეთ The Wall Street Journal მიერ გამართულ ინტერნეტ-სემინარზე:

„ამერიკის და ჩინეთის შედარება სამხედრო თვალსაზრისით 30 წლის წინ შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ როგორც თქვენ ეს კარგად იცით, მათ შექმნეს მძლავრი ეკონომიკა და ჩადეს ბევრი ფული სამხედრო ძალების გაძლიერებაში“. – მისი სიტყვებით, ჩინეთი აძლიერებს შეიარაღებულ ძალებს ყველა მიმართულებით. მათ შორის კოსმოსში და კიბერსივრცეში.

„მას (ჩინეთს) შექმნილი აქვს მძლავრი შეიარაღებული ძალები. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნებული იქნება არსებული მდგომარეობა, ისინი რაღაც მომენტში თანაბრად იქნებიან შეერთებულ შტატებთან, მე არ დავაზუსტებ ამჟამად როდის“, დაამატა გენერალმა მილმა.

სამაგიეროდ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, პროგნოზი გააკეთა გაზეთ The Wall Street Journal რედაქციამ. მათი აზრით, ჩინეთი 2035 წლისთვის გეგმავს დაეწიოს შეერთებულ შტატებს სამხედრო პოტენციალით, ხოლო საუკუნის შუალედში შესძლოს ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ მისი დამარცხება შეეძლოს შესაძლებლი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში.

„ამერიკას და მის მოკავშირეებს, ცხადია არ სურთ, რომ დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია ოდესმე სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს. ეს კატასტროფა იქნებოდა. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებებისთვის კოსმოსში და კიბერსივრცეში, განსაკუთრებით, ჩინეთის და რუსეთის წინააღმდეგ“, დაასკვნა ხსენებულ ინტერნეტ-სემინარზე მარკ მილმა.

ფაქტია, ჩინეთის ეკონომიკის ცვლილებასთან ერთად, ჩინეთის სამხედრო დოქტრინაც შეცვლილია, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, კვლავ ვითარდება მისი სამხედრო პოტენციალიც – ჩინეთი აღარ იმალება და იცდის.

 

ნიკოლოზ მეტრეველი

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და

“ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი

Share