Home » მსოფლიო » ნიკოლ პაშინიანი: დიახ, დღეს სომხეთში პოლიტიკურად მართლაც ძალიან ცხელა
ნიკოლ პაშინიანი: დიახ, დღეს სომხეთში პოლიტიკურად მართლაც ძალიან ცხელა

ნიკოლ პაშინიანი: დიახ, დღეს სომხეთში პოლიტიკურად მართლაც ძალიან ცხელა

ნიკოლ პაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ვიზიტისას რუსულ-სომხური ურთიერთობები ფართო სპექტრით განიხილა. ამის შესახებ პაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

პაშინიანმა კომენტარი გააკეთა პუტინისა და სომხეთის ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის სატელეფონო საუბარზეც. მისი თქმით, პუტინმა ქოჩარიანს უბრალოდ დაბადების დღე მიულოცა და აქ პოლიტიკური კონტექსტების ძებნა უადგილოა.

“ვფიქრობ, ეს კითხვა მხოლოდ პირადი ურთიერთობების ჭრილში უნდა განვიხილოთ. ვლადიმერ პუტინის გაცნობის შემდგომ, შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდად აფასებს ადამიანურ ურთიერთობებს და ინარჩუნებს კონტაქტს ყოფილ და მოქმედ ლიდერებთან. ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პრობლემური ურთიერთობა აქვს რუსეთს ევროკავშირთან, პუტინი ავსტრიის მაღალჩინოსნის საქორწილო ცერემონიალს დაესწრო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი აფასებს ადამიანურ კავშირებს, რაც კარგია “, – განაცხადა პაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სომხეთში, 2008 წლის პირველ მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რობერტ ქოჩარიანს ბრალი 2008 წელს ერევანში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლის დროს მოქალაქეების მკვლელობის საქმეზე წაუყენეს. მას ბრალად ედება სომხეთის საკონსტიტუციო წესრიგის დამხობა სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმების შედეგად. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციის ორი თანამშრომელი.

პაშინიანი ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს სომხეთში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და იქ მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო მეტად მწვავდება. პაშინიანმა განაცხადა, რომ დიახ, ახლა სომხეთში პოლიტიკურად მართლაც ძალიან ცხელა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

verelq.am

Share