Home » ბიზნესი » ნიკა ნანუაშვილი: შრომის ახალი კოდექსი ბიზნესისათვის დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი იქნება

ნიკა ნანუაშვილი: შრომის ახალი კოდექსი ბიზნესისათვის დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი იქნება

შრომის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ინსპექცია კომპანიებში შესვლას გაფრთხილების გარეშე შეძლებს. ამასთან, თუ აქამდე, შრომის ინსპექციის შემოწმება, ძირითად შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა, ახლა ინსპექცია შრომით უფლებებსაც გააკონტროლებს.

რა იცვლება ბიზნესის საქმიანობაში და რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები კომპანიების მუშაობაზე – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შეკითხვებს საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა უპასუხა.

„ბუნებრივია ბიზნესისათვის ეს იქნება დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი. ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ვგულისხმობ, თუმცა ეს არის კიდევ ერთ მაკონტროლებელთან შეხება, ხოლო ნებისმიერი ახალი მაკონტროლებელი ბიზნესს უზრდის ხარჯს, როგორც ადმინისტრაციულს, ასევე ბიუროკრატიულს და ა.შ.

პანდემიის პირობებში, ბიზნესების უმეტესობა ვერ ფუნქციონირებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიები არიან ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი რეგულაცია საერთო ფონს კიდევ უფრო ამძიმებს,“ – აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების ნაწილში არსებობს რისკების შეფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც შრომის ინსპექციას ეუბნება, თუ რომელი კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში ჩნდება შრომის უფლებების პირობების დარღვევის რისკი და ამის გათვალისწინებით უნდა მოხვდეს კომპანია შესამოწმებელთა სიაში.

„კომპანიამაც უნდა იცოდეს რა შემთხვევაში დაექვემდებარება შემოწმებას, ეს უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმებით განპირობებული, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი დაზღვეული იქნება დაუსაბუთებელი შემოწმებისგან, ხოლო შრომის ინსპექცია დაზღვეული იქნება მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება, შრომის ინსპექციის მანდატის ზრდას, უნდა გავითვალისწინოთ, ის შეზღუდული რესურსები, რაც პანდემიის გამო არსებობს. ამის ფონზე, კიდევ ერთი ახალი ფუნქციის დამატება, და მისი ეფექტურად განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, თუ არ იქნება რისკები და ანალიზის სისტემა კარგად ჩამოყალიბებული,“ – აღნიშნა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ ნიკა ნანუაშვილმა.

წყარო: business-partner.ge

Share