Home » ახალი ამბები » ნიკა მელია: გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ნიკა მელია: გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელია განცხადებით, მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მონაწილეობას აღარ მიიღებს იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაში, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებთან დაცვის ფუნქციას ასრულებენ.

მელიას თქმით, ქალაქის მერია ამით არ უნდა იყოს დაკავებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეფასებით, თავდაცვის სამინისტრო ჯარში იწვევს წვევამდელებს, მაგრამ სინამდვილეში ახალგაზრდებს, მოდულის და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს.

„ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის, დედაქალაქის მერიას ანუ, თბილისის მერიას და სხვადასხვა გამგეობებს. მე თავად ვიყავი გამგებელი და ვერც ერთი დღე ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო, ახალგაზრდა ადამიანი მოიყვანო გამგეობაში, სტრესის ქვეშ ამყოფო, განცხადება დააწერინო და შემდეგ ეს ადამიანი გადააგზავნო რომელიღაც სამინისტროში,“ – განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში მელიამ.

როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყანაში თავდაცვის სისტემა უნდა გაძლიერდეს, თუმცა მელიას მოსაზრებით, ეს მუნიციპალიტეტის საქმე არ არის.

„დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოდულის შენობასთან​ კარისკაცებად და დარაჯებად ბატონ გომელაურს ახალგაზრდებს აღარ დავუყენებთ, არც ამ ხელისუფლებას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არც არსად,“ – თქვა ნიკა მელიამ.

Share