სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს პირველი, მცირე საგრანტო კონკურსი დასრულდა. სამოქალაქო ინიციატივებმა 1,657,775 ლარის ოდენობით სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ.

როგორც ზოდელავამ აღნიშნა, თითოეული საგრანტო განაცხადი 100 ათას ლარამდე ბიუჯეტით დაფინანსდა და 3-დან 12 თვემდე განხორციელების პერიოდს მოიცავს.

„პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს გახლავთ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლების განვითარება; მეცნიერება; დემოკრატიული ინსტიტუტები; რეგიონული განვითარება; გარემოს დაცვა და სპორტის განვითარება. ყველა განმცხადებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი ის პრიორიტეტები და ასევე კრიტერიუმები, რომელზე დაფუძნებითაც იმსჯელებდა საბჭო. ეს იყო, რა თქმა უნდა, პროექტის იდეის აქტუალობა, განხორციელების გზები, მდგრადობა და ჩვენ ერთობლივად, საბჭომ ვიმსჯელეთ და სწორედ ამ მიმართულებებით განვსაზღვრეთ ის სამოქალაქო ინიციატივები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს და მიიღებენ დაფინანსებას. პირველ ეტაპზე განაცხადის რაოდენობის მიხედვით სააგენტოში შემოვიდა 346 განაცხადი, ფორმალური კრიტერიუმები დააკმაყოფილა 247 განაცხადმა, აქედან საბჭომ იმსჯელა და 60 საგრანტო განაცხადს მიანიჭა 70 ქულაზე ზემოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ აი ამ 60 საგრანტო განაცხადიდან 17-მა მოიპოვა შემდეგ კენჭისყრის საფუძველზე დაფინანსება“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.

ზოდელავას თქმით, სააგენტო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაუწევს მონიტორინგს, როგორც შინაარსობრივ, ასევე ხარჯვით ნაწილში.

„თვითონ სააგენტო არის პასუხისმგებელი, როგორც სახელმწიფო გრანტის გაცემაზე, ასევე მონიტორინგის უზრუნველყოფაზე. ჩვენ როგორც შინაარსობრივი კუთხით გავუწევთ მონიტორინგს, ასევე ხარჯვით ნაწილს, რადგან მოგეხსენებათ ეს არის ბიუჯეტი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები პასუხობდეს ერთი მხრივ, სახელმწიფოს საჭიროებებს და მეორე მხრივ, იმ მიზნების შესრულება იყოს უზრუნველყოფილი, რის გამოც მათ მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.