სხვა პასუხი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ხალხი უნდა გამოსულიყო, – ამის შესახებ არქიტექტორმა, „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე შენობის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მანდ არის რამდენიმე მომენტი, მე რაღაცებს ვუსმენ და გულზე მხვდება, რადგან ზოგი ემოციით არის და ზოგი როგორ, მაგრამ პრაგმატულად შევხედოთ, ადამიანების ბედზეა ლაპარაკი, ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი და ადამიანის ცხოვრება გადის ასეთ მდგომარეობაში. იქ იყო საუბარი, რატომ არ გააკეთეს პარაპეტიო, და როგორ წარმოგიდგენიათ, ვის წარმოუდგენია, რომ იქ ხალხი ცხოვრობდეს და იმის რემონტი აკეთოს ვინმემ? გამორიცხულია ასეთი რაღაცები. სარემონტო სამუშაოების საშუალებაც რომ იყოს, ფინანსები და რენტაბელურობა მაგ შენობის, გამაგრების, თუ არ დაიცალა, როგორ შეიძლება მაგის კეთება? რაც შეეხება იმ პარაპეტს, რაც ჩამოინგრა, სხვათა შორის, თბილისში ყველაზე სერიოზული პრობლემები არის პარაპეტები. ხომ გვახსოვს, 2002-ში ქეთევან წამებულზე რომ ჩამოვარდა, მსხვერპლი იყო”, – განაცხადა როსტომაშვილმა.
ამ განცხადებით ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამ გამოიწვია თბილისში სახლის ჩამონგრევით მომხდარი ტრაგედია, ვის პასუხისმგებლობას ხედავს და დგება თუ არა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის, მერის პასუხისმგებლობა?
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ზომების მიღება შეიძლებოდა, რომ მსგავსი ტრაგედიის პრევენცია მომხდარიყო იმ კადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც სოციალურ ქსელში ვიხილეთ, სადაც ჩანს, რომ ზედა ფასადის ნაწილზე, რომელიც მოწყდა და ჩამოიშალა, არის ორი დიდი ნაპრალი.
„მე არც პოლიტიკაში ვარ და არც რაღაც, მაგრამ მე ასეთი ვარ, უნდა ვთქვა ჩემი პოზიცია, ასეთ შემთხვევებში როგორ აკეთებენ სხვა ქვეყნებში, როცა არის ავარიული სახლი. წარმოიდგინეთ, მარტო ეგ სახლი კი არა, გარშემო მთელი ეგ ზონა არის მეორე მსოფლიო ომის მერე აშენებული ტერიტორია და მაშინ კონსტრუქციულად იყო ასე, ხიდგადახურული შენობები. უცხოეთში მსგავსი მოდელები როგორ არის, ბევრი ქვეყნის მაგალითი ვიცი, ხდება წყლის ჩაჭრა, გაზის ჩაჭრა და ა.შ. რატომ, იცით? მარტივად რომ ვთქვათ, ახლა ჩამოინგრა ის პარაპეტი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, სხვა მხარეს ჩამოსულიყო, სადაც შედის გაზი, საშუალო წნევის გაზსადენი შედის, ის გაგლიჯა და წარმოგიდგენიათ, იქ ხანძარი რომ გაჩენილიყო, რა მოხდებოდა? თან ქარიანი დღეები იყო. ან ნაპერწკალი ყოფილიყო ელექტროსადენებზე, ან რაღაც. მსგავსი რაღაცები ყოველთვის არის მართლა მუნიციპალიტეტის, მერის და გამგეობის პასუხისმგებლობა და იმათაც რაღაცნაირად თავი უნდა დაიზღვიონ. ასე მარტივი არ არის. იცით რა, ვისმენ ხოლმე, ასე გაეკეთებინათ, ის გაემაგრებინათ და როგორ უნდა გაემაგრებინათ, ის პარაპეტი რამდენი ათეული ტონა იქნება, იმას ვინმე დაშლის, აგურ-აგურ დაშლი თუ როგორ?“ – განაცხადა როსტომაშვილმა.
როსტომაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის მერიის დამცველი არ არის, მაგრამ რეალობის შესახებ უნდა თქვას.
„არ ვარ მერიის დამცველი, მაგრამ წარმოიდგინეთ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მერიას რომ მიეყვანა ზედამხედველობის სამსახური და დაეწყო ღობის კეთება, რაც რამე კამერა არსებობს, საქართველოს ჟურნალისტი, ყველა იქ არ იქნებოდა, რომ ის მოსახლეობა ლუკმაპურის გარეშე რჩება, რა ქნან, ორი ობოლი ჰყავს და ასე შემდეგ. აი, ვინც ვაჭრობდნენ იქ, იმათზე. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?“ – განაცხადა როსტომაშვილმა.