CS Victims სტატიაზე, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში, პოლიტიკურ სპექტში გამოხმაურებები გრძელდება.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, Credit Suisse ყველანაირ შესაძლებლობას იყენებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნება გადაავადოს.

"ბანკს არ აქვს შესაძლებლობა ასე თავისუფლად ასობით მილიონი და მილიარდები თავის კლიენტს დაუბრუნოს და ყველანაირი ხერხს იყენებს იმისთვის, რომ თანხის დაბრუნება გადაავადოს. ის რომ სასამართლო პროცესის გასაწელად რეზოლუციებს და მსგავს რაღაცებს იყენებს, ეს ჩვეულებრივი დავალებაა ჩემი აზრით, რომელიც ხელმძღვანელებმა მისცეს იურისტებს, რომ ყველანაირი ხერხი გამოიყენონ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება გვიან დაუბრუნონ ფული დაუბრუნონ ფული, იმიტომ რომ ეს უბრალოდ პრობლემას შეუქმნიდა ფინანსურად ამ ბანკს. თუ ბანკი იყენებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ცხადია პოლიტიკური პროცესი გავლენას ახდენს ამ სიტუაციებზე, მაგრამ არა იმ ნაწილში, რომ ვიღაც ასანქცირებს, ბანკის ფინანსური ლოგიკა კარნახობს ამას," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით კი, Credit Suisse-ის მაგალითი არის დადებითი დადასტურება, გავრცელებული განცხადებები საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სანქცირებას.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. საერთაშორისო პრესა აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული სამართლებრივი დავის დეტალები.

პრესაში გავრცელებულია ივანიშვილის წარმომადგენლების განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ.