ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla Inc-მა დააფიქსირა რეკორდული წმინდა მოგება 2022 წლის მეოთხე კვარტალში და მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსავალი.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, წმინდა მოგება ოქტომბერ-დეკემბერში 3,69 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 2,3 მილიარდი დოლარიდან.

მოგება აქციაზე გაიზარდა $0.68-დან $1.07-მდე.

Tesla-ს კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 37%-ით 24,3 მილიარდ დოლარამდე.

მთელი 2022 წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება გაორმაგდა და შეადგინა 12,6 მილიარდი დოლარი, შემოსავალი გაიზარდა 1.5-ჯერ, 81,5 მილიარდ დოლარამდე. ავტომობილების წარმოება გაიზარდა 47%-ით, 1,37 მილიონ მანქანამდე, გაყიდვები - 40%-ით. 

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ინვესტორებთან საკონფერენციო ზარის დროს განაცხადა, რომ კომპანიას შეუძლია 2023 წელს 2 მილიონ ავტომობილამდე გაზარდოს წარმოება.

"ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ გამოვუშვათ 2 მილიონი მანქანა წელს. ამის გარანტიას არ ვიძლევით, უბრალოდ ვამბობ, რომ ამის პოტენციალი გვაქვს. ფიქრობ, რომ საკმარისი მოთხოვნაა ამ მოცულობაზე", - თქვა მასკმა.

ოთხშაბათს დამატებით ვაჭრობაში ტესლას აქციები 5,5%-ით გაიზარდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია 35,7%-ით დაეცა 454,4 მილიარდ დოლარამდე, ხოლო Nasdaq-ის ინდექსი ამ პერიოდში 3,1%-ით გაიზარდა.

გიორგი არაბული