უკრაინის ყოველთვიური ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრის შედეგად ფიქსირდება, 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მოხსენებაში „მსოფლიო ეკონომიკური სტატუსი და პერსპექტივები 2023“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 35%-ზე მეტით შემცირდა რუსეთის შეჭრის გამო. მასობრივად განადგურდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის რკინიგზა და მეზობელ ქვეყნებთან კომუნიკაციის სხვა ხაზები, საგზაო ქსელები და ხიდები.

ასევე, დაზარალდა საწარმოო და სავაჭრო საქმიანობის შენობები, აღინიშნა მიგრაციის ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო სამუშაო ძალის დიდი დანაკარგები და მოსახლეობის გადაადგილება, ნათქვამია დოკუმენტში.

ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა სერიოზულად დააზიანა ელექტროენერგიისა და სითბოს მიწოდება, რამაც ხელი შეუშალა კონფლიქტისგან გაქცეული ადამიანების დაბრუნებას. პორტების ბლოკადა და ფოლადის ქარხნების დაზიანება ძირს უთხრის საექსპორტო პოტენციალს, ნათქვამია მოხსენებაში.

საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, რადგან გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერისა და სამხედრო საჭიროებების ხარჯები, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის დიდი დეფიციტი.

ამასთან, აღინიშნება უკრაინის ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა. ევროკავშირის, შეერთებული შტატების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორების დახმარებამ 2022 წელს მთლიანი საჭიროებების თითქმის ნახევარი დაფარა.

პირდაპირი ნაღდი ფულის დაფინანსება უკრაინის ეროვნული ბანკიდან მოიცავს მთლიანი სახელმწიფო ხარჯების საჭიროების დაახლოებით მესამედს. ამან გამოიწვია სავალუტო რეზერვების ამოწურვა.

კონფლიქტის შემდგომ აღდგენას დასჭირდება უზარმაზარი რესურსი, რომელიც შეფასებულია 350-500 მილიარდ ევრომდე. უკრაინის ეკონომიკის პერსპექტივა 2023 და 2024 წლებში ძალიან გაურკვეველია და დამოკიდებული იქნება მრავალ ფაქტორზე, მათ შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებაზე, ნათქვამია მოხსენებაში.

სანდრო პირველი