ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, უნაღდო ანგარიშსწორება მომხმარებლისთვის უკვე არა ფუფუნება, არამედ ყოველდღიურობის ნაწილია. მიუხედავად ამისა, თვითმომსახურების ობიექტები - იქნება ეს ავტოსამრეცხაოები, "ვენდინგ" აპარატები თუ სხვა - ხშირად მხოლოდ ნაღდ ფულს იღებენ, რაც ბარიერებს ქმნის როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ, “თიბისიმ” თვითმომსახურების სექტორში POS ტერმინალების ქსელის აქტიური გაფართოება დაიწყო.
რა საჭიროება დაინახა ბანკმა თვითმომსახურების ობიექტებზე და კონკრეტულად რა პრობლემებს ჭრის თიბისის ეს ინიციატივა - ამ საკითხებზე გიორგი სიმონიანი, გადახდების განვითარების ასოცირებული პარტნიორი საუბრობს.
“საქართველოში აქტიურად ვითარდება თვითმომსახურების მიმართულება, თუმცა თვითმომსახურების ის აპარატები, რომლებიც ბიზნესებს შემოაქვთ, მხოლოდ ნაღდი გადახდის ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. გამოწვევა აღმოჩნდა უნაღდო გადახდების მიღება. აქედან გამომდინარე, თვითმომსახურების სერვისი არ გამოდიოდა სრულყოფილი, რადგან ის ნებისმიერი მომხმარებლისთვის არ იყო ხელმისაწვდომი.
“თიბისის” ჩართულობით, უნაღდო გადახდების მიღება უკვე ხელმისაწვდომია ყავის და სნექის აპარატებზე, პარკინგებზე, ე.წ. ლარიან ავტოსამრეცხაოებზე, კარაოკე ბოქსებში, ყვავილების და სუნამოების ვენდინგ აპარატებზე და ა.შ…” - ამბობს გიორგი სიმონიანი.
როგორც ის განმარტავს, თვითმომსახურების ობიექტებში POS გადახდების ინტეგრაცია ხელსაყრელი არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ ბიზნესის მფლობელებისთვისაც არის. გარდა იმისა, რომ მყიდველი სწრაფ, კომფორტულ და 24/7-ზე ხელმისაწვდომ მომსახურებას იღებს, თვითმომსახურების კომპანიისთვის სარგებელი ოპტიმიზებული პროცესები, ნაკლები ხარჯები და მაღალი გაყიდვებია.
“უნაღდო გადახდების ინტეგრაციამ გაამარტივა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სერვისი, ხოლო ბიზნესს შესაძლებლობა მიეცა, ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა მომსახურება/პროდუქტი და გაეზარდა გაყიდვები.
თვითმომსახურების ობიექტები, სადაც გადახდა სრულად ავტომატიზებულია, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში - დამატებითი პერსონალის საჭიროების გარეშე. POS გადახდების ინტეგრაცია დღეს თვითმომსახურების ობიექტებში აღარაა მხოლოდ გადახდის ალტერნატივა - ეს არის სერვისის ხარისხის, მომხმარებლის კომფორტის, ბიზნესის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ზრდის ერთობლივი ინსტრუმენტი”, - აღნიშნავს გიორგი სიმონიანი.
კითხვაზე, რა სახის გამოწვევებს აწყდებიან თვითმომსახურების ბიზნესები გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადასვლისას, გიორგი აღნიშნავს, რომ “თიბისის” ინიციატივამდე ბიზნესზე მორგებული შესაბამისი ტექნოლოგიური გამოცდილება არ არსებობდა.
“თვითმომსახურების სექტორი სწრაფად იცვლება - მომხმარებელი ავტომატიზებულ, სწრაფ და უნაღდო სერვისს ითხოვს, რაც ბიზნესებს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადასვლას აიძულებს. თუმცა პროცესს თან ახლავს რიგი ტექნიკური, ფინანსური და ოპერაციული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც მნიშვნელოვანი როლი “თიბისის” მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ენიჭება”, - ამბობს გიორგი სიმონიანი.
ინიციატივა უკვე წარმატებით მუშაობს პარტნიორ ობიექტებში, მაგრამ “თიბისისთვის” ეს მხოლოდ დასაწყისია. ბანკი აქტიურად აგრძელებს სექტორის ათვისებას და მზადაა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, უნაღდო გადახდის სისტემები თვითმომსახურების კომპანიებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს.












